ოკუპირებულ ახალგორში 70 წლის ქალი გარდაიცვალა,რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო სამედიცინო დახმარების მისაღაბად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუშვეს. ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ფაქტს გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
“ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია,” – ამბობს ციხელაშვილი.
მინისტრის განცხადებით ე.წ გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის და იქ მცხოვრებ ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
“მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ, ერთადერთი არ არის. მოსახლეობას საციცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს,” – თქვა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო 70 წლის ქალს ცხინვალში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია და გარდაიცვალა.