ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთისთვის იმდენად ღიაა საქართველოს სივრცე, მას შეუძლია უკვე შიგნიდან აწარმოოს დივერსიული ოპერაციები”

“მეტრონომის” ინტერვიუ ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძესთან, რომელიც თვლის, რომ ხომერიკის მიერ ახალციხეში დაარსებული პრორუსული ორგანიზაცია და “უკვდავი პოლკი” ერთი ჯაჭვის რგოლებია

ახალციხეში პრორუსული ორგანიზაცია – “სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე”დაფუძნდა. აღნიშნულს წინ ასევე რუსეთთან ასოცირებული “უკვდავი პოლკის” ოფიციალურად დარეგისტრირება  უძღოდა. როგორც ჩანს, საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი ახალ მასშტაბებს იძენს. რა არის კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიზანი და ვინ არის სამიზნე? როგორ ცდილობს რუსეთი საქართველოს მოსახლეობაში ნატო-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით ნიჰილიზმის გაღვივებას და დგამს თუ არა კონტრნაბიჯებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება ქვეყნის შიგნით წარმოებული დივერსიული ოპერაციების წინააღმდეგ? – ამ საკითხებზე “მეტრონომი” ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

“მეტრონომი”: ახალციხეში დაფუძნდა ორგანიზაცია, სახელწოდებით  – “სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე”. ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი ვლადიმერ ხომერიკი. ორგანიზაციის გაცხადებული მიზანია, კულტურულ და საგანმანათლებლო პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი ახალ მასშტაბებს იძენს?

ხათუნა ლაგაზიძე: ის, რომ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განსაკუთრებული ინტენსიურობით, თვალსაჩინო და ცხადია. ის, რაც აქამდე ხდებოდა დისტანციურად, მაგალითად სოციალური ქსელების საშუალებით, ძალიან წარმატებულად იმართებოდა. როგორც ჩანს, რუსეთმა ჩათვალა, რომ მისთვის იმდენად ღიაა საქართველოს სივრცე, რომ ახლა უკვე შეუძლია ქვეყნის შიგნიდან აწარმოოს დივერსიული ოპერაციები. ხომერიკის მიერ ორგანიზაციის დაფუძნება ისევე, როგორც “უკვდავი პოლკის” დაფუძნება, არის ერთი ჯაჭვის რგოლები.

– რას უპირისპირებს რუსეთის მძლავრ საინფორმაციო ომს “ქართული ოცნების” ხელისუფლება?

– არავითარი კონტრზომები საცეცების შესაკავებლად ან პრევენციისთვის ან ამ ომის შედეგების აღმოსაფხვრელად არ ხდება. ფაქტობრივად, ჩვენ სრული კაპიტულაცია გვაქვს გამოცხადებული. არანაირი სახელმწიფოებრივი სტრატეგიული გეგმა, პრაქტიკული ნაბიჯები ამის წინააღმდეგ არ შეგვიმჩნევია. ამ ფონზე გასაგებია, რომ რუსეთს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი სრულად მასშტაბების გასაფართოებლად.

ამის საწინააღმდეგოდ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება – დაწყებული საკანონმდებლო რეგულაციებით, დამთავრებული დაფინანსების წყაროების შეზღუდვით. იმ წყაროების მოძიებით, ვინც სოციალურ ქსელებში ასეთ კამპანიებს აწარმოებს. ეს ხომ აბსოლუტურად ღიაა და არ კონტროლდება და არ იზღუდება. ასევე მოსახლეობის განათლების კუთხით არის სერიოზული მუშაობა გასაწევი – რა არის “ფეიკ-ნიუსი”, როგორ ებრძოლონ მას და როგორ განასხვავონ ის რეალური ინფორმაციისგან. სრული პრევენცია ამის, რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ ის, რომ არაფერს აკეთებ, ესეც დიდი უბედურებაა.

რა არის რუსული პროპაგანდის გენერალური ხაზი და უფრო კონკრეტულად, რა ტიპის კამპანია უნდა აწარმოოს ამის საწინააღმდეგოდ საქართველომ – ანტირუსული თუ პროევროპული?

– რეცეპტი არ არსებობს – ყველაფერი ერთად. რა თქმა უნდა, ანტირუსული ისტერიის ხელშეწყობა საქმეს ვერ უშველის და ამან შეიძლება რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი შემხვედრი რეაქცია გამოიწვიოს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა არის რუსული პროპაგანდის ძირითადი ხაზი. ეს არის ნატო-სა და დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივება და ისედაც, ობიექტურად არსებული იმედგაცრუების ხელშეწყობა იმიტომ, რომ ვხედავთ რაც ხდება. ხდება ის, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად ხელსაყრელი პირობები ამ ეტაპზე არ არის, თუმცა მეორე მხრივ, არის ძალიან სერიოზული ნაწილი ამერიკული ისტებლიშმენტის, რომელიც ლობირებს იმ თემას, რომ საქართველომ 2022-ში შეძლოს ნატო-ში გაწევრიანება მაპ-ის გარეშე, თუმცა რეალური კონტურები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების არ არის. რუსეთი ამას იყენებს იმისთვის, რომ გააღვივოს ნიჰილიზმი საქართველოს მოსახლეობაში. ეს არის ერთ-ერთი გენერალური ხაზია. ასევე მნიშვნელოვანია შიდა დაპირისპირების გაღვივება – ეს იქნება ეთნიკურ, რელიგიურ, სოციალურ ნიადაგზე. აბსოლუტურად მოსწორებულ ნიადაგზე შეიძლება ისეთი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინონ, რომ საფრთხის ქვეშ დადგეს მოსახლეობა.

– საქართველოს მოსახლეობის რუსულენოვანი ნაწილი ინფორმაციას ძირითადად კრემლის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებებით იღებს და შესაბამისად, რუსული პროპაგანდის “მსხვერპლია”, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა ქართული მედიასივრცე მოსახლეობის ამ ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდებას რუსულ ენაზე?

– ეს აუცილებელია. საქართველოს ხელისუფლებები დიდიხნის მანძილზე აკეთებდნენ ბევრ რამეს იმისთვის, რომ ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში მაქსიმალურად მომხდარიყო ქართული ენის შესწავლა, მაგრამ შედეგი მაინც არის ის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ძირითად საკომუნიკაციო ენად რჩება რუსული და ისიც ცხადია და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ ინფორმაციის მიღების საშუალებად მათთვის რჩება სწორედ რუსული. ქართულენოვანი საინფორმაციო საშუალებები მათ ინტეგრირებას უწყობენ ხელს, მაგრამ როცა შენ ომში ხარ, ამ ომში ყველა საშუალება გამოსაყენებელია და ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, საჭიროა მოკლევადიანად რუსულ ენაზე საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც იქნებიან რეალური ინფორმაციის წყარო ჩვენი თანამოქალქეებისთვის, რომელთათვისაც ინფორმაციის მისაღებად მთავარი ენა რუსულია. ეს ვაკუუმი თუ არ შეივსო, ჩვენ ამ ადამიანებს ვტოვებთ, ფაქტობრივად, პირველ ხაზზე რუსული საინფორმაციო ომის.

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....