ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“უკვდავი პოლკი” საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირდა (დოკუმენტი)

იუსტიციის სამინისტრომ “საქართველოს უკვდავი პოლკი” ოფიციალურად დაარეგისტრირა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ ინფორმაციას ადასტურებს მისი ხელმძღვანელი რევაზ გოგიძე რუსულ სააგენტთან საუბარში.

“მეტრონომი” შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას და აღმოჩნდა, რომ 2 დღის წინ “იუსტიციის სახლში” მართლაც მოხდა ასეთი ორგანიზაციის რეგისტრაცია (იხილეთ დოკუმენტი ქვევით).

“რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. მისასალმებელია, რომ საქართველოში ქვეყნის კანონმდებლობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე რიგი პოლიტიკური პარტიების ამბიციები” – აცხადებს რუსულ საინფორმაციო საშუალებებთან გოგიძე.

ის ამბობს, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს თავის საქმიანობას შეუფერხებლად.

“უკვდავი პოლკის მთავარი ხაზი არის ის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს წინაპრებს, ნათესავებს, მეგობრების წინაპრებს და არავითარ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უცნობი ადამიანების, გენერლების, ან უდიდესი გამარჯვების სხვა მონაწილეთა პორტრეტები ვატაროთ” – აცხადებს გოგიძე.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, დასავლეთი “უკვდავი პოლკის” წინააღმდეგი იყო . სხვათაშორის, ამის შესახებ თავად რუსული საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინიც ამბობს, რომ ვაშინგტონი, მსოფლიოში “უკვდავი პოლკის” აქციების გავრცელების წინააღმდეგია.

რას წარმოადგენს, რა იდეოლოგია და მისია აქვს ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობამ მწვანე აუნთო და დაარეგისტრირა ის საქართველოში?

თბილისში, პირველად უკვდავი პოლკის მსვლელობა ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავზე მოხდა. ეს სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში, კრემლის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად არის ცნობილი. ოფიციალურად უკვდავი პოლკის იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად, თუმცა, ის პუტინის რეზიდენციიდან დაფინანსებულ პრგანიზაციად არის აღქმული.

თბილისში, “უკვდავი პოლკის” ქართული „დანაყოფის” მსვლელობის ორგანიზატორებად, „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესი“ მოგვევლინა. ამ ორგანიზაციებს რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე ანჟელიკა ზახაროვა ხელმძღვანელობენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად გოგიძე ამბობს, რომ ეს მსვლელობა მოსკოვიდან დაფინანსებული არ ყოფილა.

როგორც ირკვევა, “უკვდავი პოლკის” შექმნის იდეა 2011 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში გაჩნდა. კრემლის ფინანსური მხარდაჭერა და საერთაშორისო მასშტაბის იდეის ხორცშესხმა  2015 წელს მოხდა და აქცია რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. 2016 წლიდან მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლოს, “უკვდავი პოლკის” მსვლელობამ, დაახლოებით, 50 ქვეყანა მოიცვა.

ვიდეოკლიპში, რომელიც ამ ორგანიზაციის აქციის ეგიდით ერთ-ერთ ვიდეოკლიპში გაჟღერდა, შემდეგი შინაარსისაა: “ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია… თითოეულისა და ყველასი – რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი…”

აქვე, უნდა აღინიშნოს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტიც. სულ ახლახან, მოსკოვში გაიმართა “უკვდავი პოლკის” აქცია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც დაესწრო.

ასე რომ, საქართველოში უკვე დარეგისტრირებულია ორგანიზაცია, რომელსაც ფაქტია, კრემლის მხრიდან როგორც იდეოლოგიური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა აქვს.

გენო ჯოხიძე

 

 

იტვირთბა....