ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არიან მოსამართლეები, რომლებსაც მე თამამად დავუჭერ მხარს, მაგრამ თქვენ – არა“, – გიგა ბუკია გიორგი მიქაუტაძეს

უმრავლესობის დეპუტატის, გიგა ბუკიას განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებით მას სახლი გაუყიდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გიორგი მიქაუტაძეს მხარს არ დაუჭერს.

„მე სახლი გამიყიდეს, ბატონო გიორგი, თქვენი გადაწყვეტილებით, თქვენ არ გახსოვთ, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს კარგად გვახსოვს. საქალაქოს თავმჯდომარედ რომ დაინიშნეთ, მოვიდნენ ჩემთან ჟურნალისტები. არსად მიხსენებიხართ და არ მითქვამს, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხია, შიგნით რა ხდება, მაგრამ თქვენ მოხვედით პარლამენტში და უკვე ჩვენგან ითხოვთ ხმას და მხარდაჭერას. მე არ ვითხოვდი თქვენგან მხარდაჭერას, თქვენგან უბრალოდ მარტივ რაღაცას ვითხოვდით, რომ თუნდაც პატარა ნათელი გამოჩენილიყო იმ რეჟიმის დროს. მე არც იმ დროს ვნანობ და ვთვლი, რომ სწორად გავაკეთე, რაც გავაკეთე, მიგეღოთ თქვენ სწორი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, თქვენ შანსი ხელიდან გაუშვით, ბატონო გიორგი. მე ძალიან გული მწყდება, რადგან ვხედავ, ახალგაზრდა, მართლა ნიჭიერ ადამიანს. თქვენ რომ თავში გეხსენებინათ, რომ თუნდაც რაღაც გადაწყვეტილების დროს რაღაც ზეწოლას ვერ გაუძელით, ეს იქნებოდა ბევრად ღირსეული ნათქვამი და ჩემი მხრიდან შეიძლება, სხვანაირი შეფასებები ყოფილიყო და ეს კითხვები არ დამესვა. ეს გადაწყვეტილება თქვენ დღეს მეორეჯერ მიიღეთ იმ დროს, შანსი უკვე მეორეჯერ გაუშვით. მე მადლობა მინდა მოვახსენო კომიტეტს, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა და არ გაგიკვირდეთ, რომ დღეს გარკვეულ მოსამართლეებთან არის ეს კითხვები და ამ დროს სასამართლოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმსახურებს ჩვენგან სრულ მხარდაჭერას, თანადგომას და მე ვხედავ უკვე, ამ პროცესში არიან მოსამართლეები, რომლებსაც მე თამამად დავუჭერ მხარს, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში მხარდაჭერას არ მიიღებთ“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

ბუკიას ამ განცხადებას გიორგი მიქაუტაძემ მოკლე კომენტარით უპასუხა.

„ეს თქვენი შეფასება არის და გაქვთ ამის უფლება“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ.

იტვირთბა....