საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
“საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები.
წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.