გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებლ კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებული მერმა კახა კალაძემ მოინახულა. მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს. ისინი სხვადასხვა სასტუმროებში არიან გადაყვანილი.
კალაძის თქმით, ისინი თავიანთ საცხოვრებელ კორპუსში დაბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პასუხები იქნება.
„როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენი სამსახურები შევლენ და დაიწყებენ დასუფთავებას, მოწესრიგებას, აღდგენით სამუშაოებს. როგორც კი ლაბორატორია და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო გვეტყვის კონკრეტულ ადგილებს, სადაც შესაძლებელია შესვლა და საფრთხეს არ წარმოადგენს, დავიწყებთ ამ ადამიანების გადაყვანას თავიანთ საცხოვრებლებში. დედაქალაქის მერია და გამგეობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს რაც დაუზიანდათ და გაუფუჭდათ, დავეხმაროთ აღდგენასა და მოწესრიგებაში”,- განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ და “თბილისი ენერჯიმ” დაიწყეს გამკაცრებული შემოწმებები და კონტროლი, თუმცა “არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მათ კარს არ უღებენ”.
„ეს ყველაფერი კეთდება ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ერთი შეცდომით შეიძლება გავაუბედუროთ ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი, რაც უმძიმესია, ამიტომ რიგით მოქალაქეებს, ჩვენ, ადამიანებს გვმართებს დიდი ყურადღება და მომთხოვნები უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, დილის 8 საათისთვის, თბილისში, გურამიშვილის 34 ნომერში 16-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, აფეთქება მე-4 სართულზე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე სართულზე საცხოვრებელი ბინების დაზიანება მოხდა.