ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სოკარგაზმა” რუსთავის 21 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის შეწყვეტა სცადა

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკა ხუციშვილი აცხადებს, რომ ყოველგვარი შემოწმების, დარღვევების აღმოჩენის და ამ დარღვევებზე რეაგირებისთვის გონივრული დროის მიცემის გარეშე, “სოკარგაზს” ქალაქის 21-ვე საბავშვო ბაგა-ბაღისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტის მცდელობა ჰქონდა.

როგორც “მეტრონომს” ხუციშვილმა უთხრა, ბაღებში “სოკარგაზის” წარმომადგენლები მოულოდნელად გამოჩნდნენ და გაირკვა, რომ სემეკ-ის დადგენილების საფუძველზე, ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა შეეჩერებინათ.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორისთვის უცნობია, რა კონკრეტულ რეგულაციაზეა საუბარი, როდესაც ბაღები თავად “სოკარის” მიერ შემოწმებული გამათბობლებით სარგებლობენ და არსებობს შესაბამისი დოკუმენტებიც, რომ გასული წლის შემოწმების შედეგად, პრობლემა არც ერთ ბაღში არ დაფიქსირებულა.

ეკა ხუციშვილის თქმით, წელს შემოწმებები არ ჩატარებულა და მით უფრო გაურკვეველია, რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაეტოვებინათ ბუნებრივი აირის გარეშე.

“ბუნებრივი აირი, დღეის მდგომარეობით, რუსთავის ყველა ბაღს მიეწოდება. იყო მცდელობა შეწყვეტის, თუმცა არ შეწყვეტილა. ბოლომდე მეც არ ვიცი, რა მიზეზით შემოვიდნენ, თუმცა მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, 2014 წლის სემეკის დადგენილებით მოქმედებენ. თავად ასე განაცხადეს. არ ვიცი, გავერკვევით. ჩვენამდე არანაირი დოკუმენტი არ არის მოსული. არაფერი ოფიციალური წერილი არ გადმოუგზავნიათ, არც სიტყვიერად გავუფრთხილებივართ ვინმეს.

ყოველწლიურად, თავად “სოკარგაზი” ამოწმებს ჩვენს გამათბობლებს. წელს, ჩვენ ახალი არაფერი დაგვიმატებია. შარშანდელი შემოწმების აქტები არსებობს. მათივე შემოწმებული გამათბობლები გვიყენია და მათი დაყენებული გამათბობლებით ვსარგებლობთ. აქტებში წერია, რომ უსაფრთხოა ამ გამათბობლებით სარგებლობა. წელს შემოწმება რამდენიმე ბაღში მოხდა. აღნიშნულ ბაღებთან დაკავშირებით, წინა წლის აქტში მითითებულია, რომ შემოწმებულია და არაფერი პრობლემა არ არის. დანარჩენ ბაღებში აღარ შემოვიდნენ შესამოწმებლად, შემოვიდნენ პირდაპირ ჩასახსნელად. ის რომ ჩახსნა, არ უნდა აკმაყოფილებდეს ხომ, ჩვენ კი ამის თაობაზე გაფრთხილებულები არ ვყოფილვართ. არც რამე დოკუმენტი გვაქვს, რომ რომელიმე ხელსაწყო არ აკმაყოფილებს მოთხოვნას. ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი გამართულია. გასულ წელს, თავად სოკარმა ჩაგვირთო გამათბობლები. სეზონი რომ დასრულდა და გამოირთო გამათბობლები, იმის შემდეგ, ბუნებრივია, არც გამოგვიყენებია. წერილს ვამზადებდით, უნდა მიგვემართა სოკარისთვის. ამის შემდეგ ისინი უშვებენ ხოლმე წარმომადგენლებს ბაღებში და ამოწმებენ ბუნებრივი აირის გამათბობლებს. პირდაპირ შემოვიდნენ, უნდა ჩავხსნათო. რუსთავის 21-ვე ბაღში იყო ამის მცდელობა”, – აცხადებს ეკა ხუციშვილი.

ბაღებში განვითარებულ მოვლენებს აღსაზრდელების მშობლებიც ეხმაურებიან და “სოკარგაზის” ქმედებებს აპროტესტებენ.

“დღეს დილით შევიტყვეთ ინფორმაცია, რომ მოდიოდნენ “სოკარგაზიდან” ბუნებრივი აირის ჩასაჭრელად. მიზეზი უცნობი იყო  მშობლებისთვის და ასევე როგორც ბაღის გამგემ განგვიცხადა, არც თავად იყო ინფორმირებული ამის შესახებ წინასწარ. ბაღიდან შეგვატყობინეს, რომ საკვები ვერ დამზადდებოდა და მოგვიწევდა ბავშვების წამოყვანა ბაღიდან. მიზეზად ასახელებდნენ, რომ გათბობის სისტემა უნდა შეცვლილიყო. იყო ინფორმაცია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტეს რამდენიმე ბაგა-ბაღს. იმ მშობლებისთვის, რომლებსაც არავინ ჰყავთ სახლში ბავშვების დამტოვებელი, გრძელვადიანი პერიოდით ბაღის გაჩერება პრობლემაა. ამასთან ერთად, ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ძლივს შეეჩვივნენ ახალ გარემოს და აღმზრდელებს, რამდენიმეკვირიანი წყვეტა ბაღში კი, დამატებით სტრესს გამოიწვევს მათთვის. თუ რამე იყო შესამოწმებელი ან შესაცვლელი, შესაძლებელი იყო ამის გაკეთება საზაფხულო არდადეგებზე ან ზამთრის მოახლოებულ არდადეგებზე”, – განუცხადა “მეტრონომს” რუსთავის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელმა.

იმის გასარკვევად, თუ რა მიზეზით აპირებდა “სოკარგაზი” რუსთავის ბაგა-ბაღებში ბუნებრივი აირის შეწყვეტას, “მეტრონომი” თავად კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, “სოკარგაზთან” კომუნიკაცია ვერ მოხერხდა.

 

 

იტვირთბა....