ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ამ საქმეს მოვიგებთ” – კოჟორიძე სალიას პასუხობს

“ჩვენ ამ საქმეს მოვიგებთ იმ არგუმენტების გამოყენებით, რომელი არგუმენტების გამოყენებითაც ქიბარ ხალვაშმა მოიგო დიდ პალატაში ეს საქმე. ანუ ხალვაშის არგუმენტებს შევუტრიალებთ მათსავე საწინააღმდეგოდ”, – აღნიშნული განცხადება დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ “მეტრონომთან” საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც დვალმა და აქიმიძემ “რუსთავი 2”-ის 60%-იანი წილის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

ადვოკატი, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სარჩელი ხანდაზმულია, ამბობს, რომ ოპონენტებმა დაასახელონ კონკრეტული არგუმენტები, რატომ არის სარჩელი ხანდაზმული.

“თვენახევარზე მეტია ვმუშაობ ამაზე და იმხელა სარჩელი დავწერე და ისეთი დასაბუთება, რომ ეს სარჩელი მგონი ყველაზე დიდია, რაც კი დამიწერია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები. ჩვენს ოპონენტებს ვთხოვდი, რომ როცა იტყვიან,  დავუშვათ, ეს პრობლემა აქვს საქმეს, არგუმენტებიც გვითხრან – ვთქვათ, რატომ არის ხანდაზმული.

ჩვენ ვსაუბრობთ იძულებით დადებულ გარიგებაზე – ხალვაში საუბრობდა იძულებით დადებულ გარიგებაზე. კანონში ასეთი ჩანაწერია – იძულებით დადებული გარიგებასთან დაკავშირებით, სარჩელის შეტანის ვადა არის ერთი წელი იძულების დასრულების მომენტიდან. ხალვაშის სარჩელზე უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ თქვა, რომ ხალვაშის მიმართ წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული იძულება დასრულდა 2012 წელს, როცა “ნაციონალური მოძრაობა” შეცვალა “ქართულმა ოცნებამ”. მაშინ დასრულდა წინა ხელისუფლებიდან მომდინარე იძულება ხალვაშზე – ეს თქვა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ. შესაბამისად, ჩვენც ანალოგიურ არგუმენტს ვიყენებთ და ვამბობთ, რომ იძულება დასრლდა 2012 წელს და დასრულებიდან ერთი წლის ვადა გვქონდა მოქმედებისთვის. თუ 2012 წელს დასრულდა, 2019-ში რატომ შევიტანეთ? ეს საკითხიც იყო უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განხილვის საკითხი და თქვა – პროკურატურაში საჩივრის შეტანა აჩერებს ხანდაზმულობის ვადის ათვლას – ხალვაშთან მიმართებაში ეს არგუმენტი თქვა. ჩვენც ზუსტად ამ არგუმენტს ვიყენებთ და ვამბობთ, რომ თუ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა თვლის, რომ პროკურატურა საჩივრის შეტანა აჩერებს ხანდაზმულობის ვადას, ჩვენც შევიტანეთ 2012 წელს გამოძიების დაწყების მოთხოვნით საჩივარი, დაიწყო გამოძიება და შეჩერდა შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ეს გამოძიება დღემდე გრძელდება და არანაირი ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის”, – უთხრა “მეტრონომს” კახა კოჟორიძემ.

დვალმა და აქიმიძემ  „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანეს.

 

იტვირთბა....