ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საერთოდ ვინმემ გაგაკრიტიკათ იმაზე, ლავროვთან შეხვედრა რატომ შედგაო?” – ბოკერია ზალკანიანს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსმენდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ზოგადი მზადყოფნა, რომ შეხვედრები იყოს, ერთია და კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება – მეორე.

„თქვენ თქვით, თურმე გაგიკვირდათ, რომ ხალხმა არ იცოდა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებოდით. ამას სერიოზულად გვეუბნებოდით? თქვენი უმრავლესობის წევრები იყვნენ გაკვირვებულები, რომ გაიგეს ამის შესახებ. ზოგადი მზადყოფნა, რომ შეხვედრები იყოს, ერთია და კონკრეტული ინფორმაცია, რომ შეხვედრა შედგება – მეორე. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვინმეს პრობლემა აქვს შეხვედრასთან, საერთოდ ვინმემ გაგაკრიტიკათ იმაზე, შეხვედრა რატომ შედგაო?! საიდან მოიტანეთ?! „ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ შეხვედრები საჭიროა, მათ შორის მტერთან. დამნაშავეებივით რატომ იქცევით? ესაა კითხვა. გეთქვათ ჩვეულებრივ, რომ იქნება შეხვედრა, რა პრობლემა იყო. ან შეხვედრის შემდეგ,რუსეთისთვის მაინც არ მიგეცათ საშუალება, რომ დაესწროთ თქვენთვის ნარატივის შექმნა. რატომ იქცევით დამნაშავეებივით, იქაც კი, სადაც დამნაშავეები არ ხართ. საკმარისია ის შემთხვევები, სადაც მართლა დამნაშავეები ხართ“, – მიმართა გიგა ბოკერიამ დავით ზალკალიანს.

ამასთან, ბოკერია დაინტერესდა, ლავროვთან შეხვედრის წინ დავით ზალკალიანს უმრავლესობის წევრებთან კონსულტაცია თუ ჰქონდა, რაზეც ზალკალიანმა დაუდასტურა, რომ კონსულტაცია ჰქონდა, რის შემდეგაც ბოკერიამ სთხოვა დაეკონკრეტებინა ვისთან და რა ფორმატში შედგა საუბარი.

„მაშინ სიტყვით გამოსვლისას ჩამოგვითვალეთ გვარებით ვისთან და რა ფორმატში გქონდათ საუბარი“, – ასე მიმართა ბოკერიამ ზალკალიანს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს უსმენენ. მთავარი საკითხი, რაზეც დეპუტატები დავით ზალკალიანს კითხვებს დაუსვამენ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

იტვირთბა....