ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შეუძლებელია, თავი მოეკლა – ისიც გაუგებარია, ვის უნდა მოეკლა” – რას ყვება ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე

“ვფიქრობ, ეს არ არის თვითმკვლელობა”, – აცხადებს ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცის, ზურა ჭონიშვილის მეუღლე ნინო ჭონიშვილი.

ნინო ჭონიშვილი, რომელიც თვითმკვლელობას გამორიცხავს, ამბობს:

“მე დიდი ხანია საბერძნეთში ვარ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ვურეკავდი და ყურმილს არ იღებდა, შემდეგ მეზობელს ვთხოვე შესულიყო და გაეგო ხომ არაფერი უჭირდა. ცოტა ხანში კი გავიგე, რომ თავი მოუკლავს. მას ისეთი ხასიათი ჰქონდა, შეუძლებელია თავი მოეკლა, სულ ვეუბნებოდი ბავშვის ხასიათი გაქვს- მეთქი. დილით ბავშვის ხალიჩას წმენდდა, ჩვეულებრივად მესაუბრებოდა და როგორ დავიჯერო, რომ უცებ თავის მოკვლა გადაწყვიტა? ვფიქრობ, ეს არ არის თვითმკვლელობა. 180 მეტრი სიმაღლის კაცი, 230 მეტრზე როგორ ჩამოეკიდებოდა? ისიც გაუგებარია, ვის უნდა მოეკლა იგი”, – უთხრა ნინო ჭონიშვილმა “ქუთაისი პოსტს”.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ სახლში თავი გუშინ ჩამოიხრჩო. შემთხვევა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....