ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება”, შესაძლოა, საერთოდ ვერ აღმოჩნდეს მმართველ კოალიციაში – ხუხაშვილი

“ირაკლი კობახიძის განცხადება “ქართული ოცნების” შიშების დემონსტრირებას უფრო ჰგავს, ვიდრე კონსტიტუციის ინტერპრეტაციას”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს და აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ვერ მოახერხებს კოალიციის ჩამოყალიბებას, ეს შეიძლება შეძლონ ალტერნატიულმა ძალებმა და “ოცნება” მმართველ კოალიციაში საერთოდ ვერ აღმოჩნდეს.

“თეორიული შანსები ყველაფრის არის – კობახიძე ლაპარაკობს ერთ-ერთ ვარიანტზე. დიდი ბოდიში, მაგრამ ცვლილებები, რაც შემოთავაზებულია, არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც “ქართული ოცნება” უნდა იყოს ხელისუფლებაში. გასაგებია, რომ პირველ ადგილზე გავა “ქართული ოცნება”, მაგრამ ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დალაგდება დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი. დღევანდელი კონსტიტუცია იმის საშუალებას იძლევა, რომ “ქართული ოცნება”, შესაძლოა, საერთოდ ვერ აღმოჩნდეს მმართველ კოალიციაში.

“ქართული ოცნების” მაჩვენებელი არის 30-35% და ასეთ მოცემულობაში, “ოცნებამ” შეიძლება ვერ შექმნას თვითონ მთავრობა და ალტერნატიულმა ძალებმა მოახერხონ ერთმანეთში მოლაპარაკება და თავისი მთავრობა გაიყვანონ. პირველი შეთავაზება არის “ქართული ოცნების”, “ოცნებამ” მთავრობის ჩამოყალიბება თუ ვერ მოახერხა, მერე იწყება ალტერნატიული შეთავაზებები. თუ ესეც ვერ მოხერხდა, შემდგ უკვე რიგგარეშე არჩევნები იქნება. მაგრამ ის, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვერ ჩამოაყალიბა კოალიცია, აუცილებლად რიგგარეშე არჩევნები იქნება, ეს არის მცდარი”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

 

იტვირთბა....