“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა, ილია ჯიშკარიანისთვის საკრებულოს დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხზე, ძალაში რჩება.
როგორც “მეტრონომს” ხაბეიშვილმა განუცხადა, ოპოზიცია აღნიშნულ საკითხს საკრებულოს პირველივე სხდომაზე დააყენებს.
“ოდნავ საღი აზრი თუ აქვს, რად უნდა მანდატი? მინიმუმ, სანამ გამოძიება არ მივა ბოლომდე, როგორ უნდა იყოს საკრებულოს წევრი?” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასაც ეხმაურება.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ჯიშკარიანს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ მძიმე ბრალდების მიუხედავად, პატიმრობა არ მოითხოვა, “განაჩენი” გამოუტანა არა სასამართლომ, არამედ ბიძინა ივანიშვილმა.
“სანამ საჯარო არ გახდა ეს ყველაფერი, ეს კაცი არა თუ დაკითხულიც, გამოკითხულიც კი არ იყო, რაც რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვებს, რომ ამ ფაქტის დამალვა უნდოდათ. ახლა ვხედავთ, რომ უმძიმესი ბრალი წაუყენეს – იმდენად მყარი მტკიცებულებები არსებობს, იძულებული შეიქნა პროკურატურა, რომ ბრალი წაეყენებინა და ასეთ მძიმე ბრალზე მოითხოვა გირაო 10 000 ლარის ოდენობით. არ ვიცი, საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ასეთ მძიმე ბრალზე პროკურატურა რომ ითხოვს 10 000 ლარს. ჰუმანური მაინც და მაინც მაშინ გახდა პროკურატურა, როდესაც საქმე ეხება ძალადობას? – ეს არის მათი სტანდარტი? მე არ მგონია, რომ ეს ნორმალური და ადეკვატური იყოს. სწორი იქნებოდა, რომ პროკურატურას მოეთხოვა პატიმრობა, მით უმეტეს, რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ საკრებულოს დეპუტატია, მით უმეტეს, რომ ეს კაცი იყო ამ გოგონას უფროსი, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს უამრავი არგუმენტი იმისა, რომ ამ კაცმა ზეწოლა განახორციელოს ან ამ გოგონაზე, ან მის ირგვლივ ვინმეზე. ვიცით, რომ მისი შვილიც ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. პროკურატურა ხელმძღვანელობს იმით, რა დავალებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილისგან. ისიც ვიცით, რომ ეს კონკრეტული ადამიანი – ილია ჯიშკარიანი ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის საყვარელი დეპუტატია მარტივი რამის გამო, ეს კაცი აგრესიული ხდება მაშინ, როცა ახსენებენ ივანიშვილსა და კალაძეს, სხვა შემთხვევაში, მას არც ერთი საჯარო განცხადება არ აქვს გაკეთბული მისი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში. ერთადერთი რასაც აკეთებს ხოლმე, იგინება, ილანძღება, იფურთხება. “განაჩენი” მას გამოუტანა არა პროკურატურამ და სასამართლომ, არამედ ბიძინა ივანიშვილმა”, – უთხრა “მეტრონომს” ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ფაქტი, რომ პროკურატურის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას დაცვის მხარე დაეთანხმა, მათ შორის “გარიგებაზე” მიუთითებს.
შეგახსენებთ, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად სასამართლო სხდომა “ნიუ ჰოსპიტალსში” გაიმართა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარედგინა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა.
მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).