თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდებული დეპუტატის ნიკა მელიას ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მელიას აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ან ალტერნატიული სახით სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების – პირადი თავდებობის გამოყენებას.
ამასთან, მოსამართლის თქმით, არანარი ახალი არსებითი გარემოება არ წარმოჩენილა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ან შეცვლის თაობაზე.
„გირაო დარჩეს ძალაში იმ დამატებით ვალდებულებებთან ერთად რაც გამოყენებული იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლის მიერ 27 ივნისს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ 2 ივლისს”, – განაცხადა მოსამართლემ.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახე უკანონოა. ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, რაც პარლამენტარის უფლებამოსილების შეზღუდვაში გამოიხატება.
როგორც დაცვის მხარემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა უაპელაციოდ უკრძალავს სატელევიზიო ეთერებში მოსვლას და პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობას. დაცვის მხარის ეს არგუმენტი არ გაიზიარა ბრალდების მხარემ. საბოლოო ჯამში კი, სასამართლომ მელიას დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა, იმ მიზეზით, რომ ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.