ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბრალდებას სჭირდება დადასტურება” – თალკავაძე ჯიშკარიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრის, ილია ჯიშკარიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

მისი განცხადებით ასეთ ბრალდებას დადასტურება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მმართველ გუნდს კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბროს.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ბრალდება, რადგან ჯიშკარიანი არის სახელისუფლებო გუნდის წევრი, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით და ობიექტურობით უნდა გამოვიძიოთ ეს შემთხვევა. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს იმ წუხილს, საჩივრებს, რომელსაც ახმოვანებენ საჯაროდ. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი გამოძიების მიმართ არის, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული ობიექტურობით იქნება შესწავლილი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ შემდგომ მივიღებთ. ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ. ჩვენთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, დისკრიმინაცია და ძალადობა ქალთა მიმართ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ერთად ვმუშაობთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალთა მიმართ შემცირდეს ძალადობა, შემცირდეს დისკრიმინაცია, მოხდეს მათი უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი. განსაკურებით მაშინ, როცა ეს ეხება სახელისუფლებო, ანუ ჩვენი გუნდის წევრს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....