საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე თავად ზარდიაშვილი ისაუბრებს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ვანო ზარდიაშვილისთვის დეპუტატის მანდატი თვითმიზანი არ არის.
“ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თანამდებობა – დეპუტატის მანდატი არ არის მისთვის თვითმიზანი და არ არის ის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ჩვენი გუნდი მუშაობს…
შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი მისთვისაც და ჩვენთვისაც არის მიუღებელი. მე მქონდა საუბარი მასთან და ვიცი, რა თქმა უნდა, რა გეგმები აქვს მას, რა გეგმები აქვს ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. ცოტა ხანში გეცოდინებათ უფრო მეტი. ალბათ, უფრო უპრიანია, რომ ამასთან დაკავშირებით, თავად ვანო ზარდიაშვილმა ისაუბროს”, – უთხრა არჩილ თალაკვაძემ ჟურალისტებს.
საუბარი ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც მასსა და დამოუკიდებელ დეპუტატს, ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ბესელიამ ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.