იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, მსგავსი საკითხი უმრავლესობის შიგნით არც განხილულა.
“მსგავსი ინფორმაცია უმრავლესობაში არც განხილულა. მე მსგავსი ინფორმაცია პირველად გავიგე. არანაირი მსგავსი რამ არც განიხილება და არც განხილულა გუნდში”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ესწრება სხდომებს ზარდიაშვილი, ოხანაშვილი პასუხობს, რომ ზარდიაშვილმა კომიტეტი გაცდენის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.
“დღეს დასწრებას რაც შეეხება: პარლამენტის წევრი, როდესაც კომიტეტს თუ პლენარულ სხდომას ვერ ან არ ესწრება, არსებობს შესაბამისი საფუძველი. აღნიშნულს
ატყობინებს კომიტეტს. ჩვენ შეგვატყობინა ბატონმა ვანომ, რომ ის ვერ ესწრება საპატიო მიზეზით. რაც შეეხება შემდგომ რა მიზეზით ვერ ესწრება და რა არის საპატიო საფუძველი, აღნიშნულის წარდგენის ვალდებულება აქვს შესაბამის დეპარტამენტში და ამის შემდეგ იქნება განხილული, საპატიოა თუ არა მისი გაცდენა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.