ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნოდარ მელაძე – მიმდინარე პროცესების მთავარი მიზანი ნიკა გვარამიას დაჭერაა

“ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ, რომელიც დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.

მელაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინტერესია, გვარამიას დაჭერით “მთავარი არხის” მაუწყებლობა გააჩეროს.

„გაუთქმელობაზე მეც მომაწერინეს ხელი. დავინტერესდი, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი და მითხრეს, რომ ყველას მოაწერინეს, ვიანიდან თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ საქმის მასალები კონფიდენციალური დარჩენილიყო. საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჩემთან კითხვები ჰქონდათ. ბევრი რამ არ მითქვამს, რადგან სულ რამდენიმე კითხვა იყო. კითხვები ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს და მარტივად ვუპასუხე – იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმულირებას ახდენდა არხისთვის.

სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ ნიკას დაიჭრენ, „მთავარი არხის“ მაუწყებლობას გააჩერებენ. ეს ასე არ მოხდება. ეს ნიკას თავიდანვე აქვს ნათქვამი, რომ ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთიც არ გააჩერებენ „მთავარის“ მაუწყებლობას. „მთავარი“ კიდევ უფრო გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი. შოკისმომგვრელი ხომ იყო სრულიად საქართველოსთვის სამ კვირაში ის რეიტინგები, რაც „მთავარმა“ დადო. კიდევ უფრო წინ გავალთ. დღევანდელი საინფორმაციო სივრცის დღის წესრიგს ხომ ქმნის „მთავარი“ და ჩვენი მომზადებული რეპორტაჟები ხდება დღის მთავარი თემები, ასე გაგრძელდება“,- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

2 ოქტომბერს პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე გამოკითხეს.

იტვირთბა....