საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი.
„ამის თქმის საფუძველს მაძლევს მე ის კომუნიკაცია, რომელიც მქონდა ნიუ იორკში მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ბორდერიზაციის პროცესი და ასევე ჟენევის პროცესში არსებული პრობლემატიკა იყოს განსაკუთრებულად განხილული და ამ პროცესს მივცეთ ახალი დინამიკა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, არანაირი ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა
„მინდა, კიდევ ერთხელ მეორე სპეკულაცია გავაქარწყლო, რომ თითქოს იქ საუბარი იყო რაღაც ფორმატების ცვლილებაზე და რაღაც ფორმატის ჩანაცვლებაზე. არამც და არამც, არანაირი ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობებს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჟენევის ფორმატში. რა თქმა უნდა, პერსონალიები შეიცვალა, მაგრამ ახალი პერსონალიები, რომლებიც ეყოლება რუსეთის ფედერაციას, მისი მონაწილეობით იქნება გაგრძელებული ჟენევის მოლაპარაკებები“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი შვეიცარიის მხარე იყო, რაზეც ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა.
ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზეც იყო საუბარი.