დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ ენდობა სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამისი მიმართვის საფუძველზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ ჩაატარა.
“სიმულაციური აზროვნება მათ აქვთ”, – ასე შეაფასა “მეტრონომთან” საუბრისას რამიშვილმა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის დასკვნით ნაწილშიც ვკითხულობთ:
„…ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ გამოსაკვლევი პირის ამჟამინდელი ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს, რასაც მოწმობს: კლინიკური საუბრის განმავლობაში დაძაბულობა; მეტისმეტი მომაბეზრებელი აქტიურობა „ავადმყოფური სიმპტომების“ წარმოჩენისას, მათი განვითარების უუნარობა, ავადმყოფობის მთლიანი სურათის არ არსებობა, ავადმყოფობის განვითარების დინამიკის არ არსებობა, მოცემული ავადმყოფობის სურათის შეუთავსებლობა ანამნეზთან“.
დეკანოზის უფლებადამცველი აცხადებს, ექსპერტიზის დასკვნა “დიდი სიცრუეა” მაშინ, როდესაც მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად მძიმეა. მიხეილ რამიშვილის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ექსპერტიზის ჩატარება სთხოვა შპს-ს და არა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომელიც მისი აზრით, სასულიერო პირის ჯანმრთლობის მდგომარეობას რეალურად შეაფასებდა. ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტიზის ჩამტარებელი ორგანიზაციის ხელძღვანელს აკონტროლებს პროკურატურა და მას “რასაც უნდა, იმას აწერინებს”.
“გიორგი მამალაძის ჯანმრთლობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივე მძიმეა, როგორიც იყო – მარჯვენა ხელ-ფეხი აქვს საერთოდ უმოქმედო. იგი ახლა ციხის საავადმყოფოშია წოლით რეჟიმით. სჭირდება გარემოს შექმნა და ისეთ პირობებში მკურნალობა, რომელიც უბრალოდ არის პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში.
ექსპერტიზის ეს დასკვნა არის დიდი სიცრუე და გეტყვით რატომაც. როდის ყოფილა, რომ სახელმწიფო დაწესებულება ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვდეს შპს-ს? ეს არის შპს, ეს არ არის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამხარაულს არ ჩაატარებინეს იმიტომ, რომ სიმულაციას არ ჩაუწერდა, რეალურად ჩაუწერდა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ შპს-ს ხელმძღვანელს გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მას აკონტროლებს პროკურატურა. რასაც უნდა და როცა უნდა პროკურატურა, იმას აწერინებს. ჩნდება კითხვა – რატომ სთხოვა ექსპერტიზის ჩატარება შპს-ს სახელმწიფო სტრუქტურამ და არ სთხოვა ისევე სახელმწიფო სტრუქტურას? ადვოკატებს რომ მოეთხოვათ, ეს სხვა საკითხი იყო, მაგრამ პენიტენციურმა სამსახურმა მოითხოვა. სხვა შპს არ არსებობს? თემურ ხარებავა არის მარტო?
ეს არის სიცრუე. ეს არის მცდელობა, როგორც საპატრიარქოში მყოფი გარკვეული პირები, მათი ხელძღვანელის შორენას [თეთრუაშვილი] თამადობით, რომელთა ხელიც ურევია ამ უსამართლობაში, რაღაცნაირად გადამალონ სიმართლე. რა სიმულაციაზეა საუბარი. თვეობით როდის იყო რომ ადამიანი წოლით რეჟიმს უძლებდეს”, უთხრა “მეტრონომს” მიხეილ რამიშვილმა.
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის დასკვნითი ნაწილი “პრაიმტაიმმა” გამოაქვეყნა. კომისიური ექსპერტიზის დასკვნას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ხარებავა და ექიმი-ფსიქიატრები – ნინო დავითაშვილი და ალექსანდრე ბიბილეიშვილი აწერენ ხელს.