“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას, თუ რატომ დაიბარეს პოლიციაში. როგორც ხვიჩიამ “მეტრონომს” უთხრა, მასთან ერთად შსს-ში “გირჩის” კიდევ რამდენიმე წევრი, მათ შორის, მარიტა რატიანი, ვახო მეგრელიშვილი და მირიან ბეიტაშვილი არიან დაბარებული.
“გირჩის” ოთხი წევრი რომ დაბარებულია პოლიციაში, ზუსტად ვიცი, თუმცა, ზურაბ ჯაფარიძეს ვესაუბრე და მითხრა, რომ მეტი ადამიანია. დაბარებულთა შორის ვართ მე, მარიტა რატიანი, ვახო მეგრელიშვილი, მირიან ბეიტაშვილი. თავად ზურაბ ჯაფარიძე არ დაუბარებიათ.
რაც შეეხება საკითხს თუ რატომ დაგვიბარეს, ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს. მე კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის დაწყებამდე დამიჭირეს და პოლიციის განყოფილებაში ვიყავი. მანამდე საქმე იყო აღძრული, რის გამოც ფესტივალზე მისულები დაგვაკავეს. მე მითხრა დღეს გამომძიებელმა, რომ იმ საქმის შესაწყვეტად გიბარებო, ხუთი წუთის საქმე მაქვსო. სიმართლე გითხრათ, მე ეჭვი არც შემიტანია რამეში. “გირჩის” დანარჩენი წევრებიდანაც, ვინც დაბარებულია, ვახო მეგრელიშვილსაც იგივე უთხრეს. საერთო ჯამში, წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის მიბარებენ”, – აცხადებს “გირჩის” წევრი.
ხვიჩიას განცხადებით, თავად ზურაბ ჯაფარიძე “გირჩის” წევრების პოლიციაში დაბარებას მის გუშინდელ აქციას უკავშირებს.
“გუშინ, “ჯაფარამ” ტაქსის რეფორმის გასაპროტესტებლად, თავის მანქანას დაადგა ტაქსის ტრაფარეტი, ტაქსაობდა და დააჯარიმეს. “ჯაფარა” ფიქრობს, რომ შეიძლება შსს რაღაცნაირად გვაშინებდეს, თუმცა არ ვარ ამაში დარწმუნებული, გულწრფელად რომ გითხრათ. ძალიან მარტივი გასაგებია – შეწყვეტენ საქმეს თუ არა. თუ საქმე შეწყდება, ე.ი. “ჯაფარა” შეცდა”, – უთხრა “მეტრონომს” იაგო ხვიჩიამ, რომელიც პოლიციაში 16:00 საათზე უნდა მივიდეს.
“გირჩის” წევრების პოლიციაში დაბარების შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძემ დღეს, სოციალურ ქსელში გაავრცელა.