აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებით დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გამოწვევებით სავსე 6 თვე გაიარეს.
ისინი აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.
“დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხელმეორედ დაგვჭირდა საზოგადოების ნდობის მოპოვება. ახლა ვიმყოფებით განსხვავებულ ვითარებაში. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა შანსი და იმის პრეცედენტი, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენთვის ეს არის დასაცავი ღირებულება. სულ მცირე შანსია სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ამ რეგიონში არ შეფერხდეს დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში” – ნათქვამია აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებაში.