საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სატელევიზო გამოსვლას, სადაც ის ბოკერიას და “ევროპულ საქართველოს” აკრიტიკებს, აღნიშნული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილი იტყუება, როცა რელიგიის თემაზე საუბრობს.
“გუშინ სააკაშვილმა მოიტყუა. მას არასდროს არავინ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც მაგალითად, პოლიტიკური გასაჭირი იყო და მან შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის, როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა, ქართული სახელმწიფოებრიობის, სეკულარიზმის უარყოფა, ის არაფრით არ განსხვავდება ლევან ვასაძისგან. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო 3 თვეში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების 3 შემთხვევა. პირველი იყო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე, ხელში ჯვრით მომავალი – ფარისევლობა #1, მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა, ისე დადიოდა ქუჩაში – ფარისევლობა და მავნებლობა #2 და გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახავად – ფარისევლობა #3. ეს ყველაფერი სამარცხვინოა.” – აცხადებს უგულავა.
მისი თქმით, ის, რაც ეთერში ვიხილეთ, არის ფარისევლობა და სირცხვილი.
“მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი იყო, დაეცა ასეთ მარაზმამდე. მინდა მას შევახსენო, თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი, სავლე ნამდვილად გახდა პავლე, უბრალოდ პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა სავლეს უარყოფა. იქამდე ნუ მივა მიხეილ სააკაშვილი, რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და ის როგორც სახარებაშია ნათქვამი, ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშივლის რიტორიკის ამარა,” – ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული ტრადიციების და ქრისტიანული ღირებულებებისგან დისტანცირება მოეხდინა.