“ჩვენი და რუსეთის ურთიერთობები ამ ეტაპზე ძალიან ჰგავს “მელიას და ჩიტის” ზღაპარს. მელია რომ ნაჯახით მიადგება და ბარტყებს რომ უყრის ჩიტი. ამ შემთხვევაში, ჩიტმა თვითონ მიაკითხა მელიას – რაღაც ბარტყი დიდი ხანია არ მოგითხოვიაო”, – ასე გამოეხმაურა “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნიუ-იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და როგორც პოლიტოლოგი ამბობს, იმ ფონზე, როდესაც ქართულ მხარეს არ ჰქონია ამ დონის შეხვედრისთვის აუცილებელი დღის წესრიგი გაწერილი, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ “მიგვიჩინა ჩვენი ადგილი” და “დაგვცინა”.
“ეს იყო აბსოლუტურად არაკომპეტენტურად ორგანიზებული შეხვედრა, რასაც მოჰყვა გარკვეული ზიანი. ეს არ არის კატასტროფა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკა თუ ასეთ ილუზიას ემყარება, მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ იმიტომ, რომ როგორც წესი, ასეთ შეხვედრებს წინ უძღვის სამუშაო ჯგუფებში დღის წესრიგის შეთანხმება და რაღაც წინასწარი გადაწყვეტილების პროექტები. ეს შეხვედრა იყო სპონტანური, რაც გამოჩნდა აბსოლუტურად გაუგებარი დღის წესრიგით. საბოლოო ჯამში, ჩვენ რუსულმა მხარემ დაგვცინა – ვერ გავიგეთ, საერთოდ რა უნდოდათო…
ამ შეხვედრის შედეგი იყო პოზიტიური – ნულოვანი და უარყოფითი იყო ის, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ მიგვიჩინა ჩვენი ადგილი”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, შესაძლოა, გაიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნისთვის სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა მოხდება, თუმცა, როგორც ხუხაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე სიტუაცია საამისოდ მომწიფებული არ არის. მისივე თქმით, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იმართებოდეს, ბორდერიზაციის საკითხის გადასაწყვეტად კი, არსებული ფორმატებიც საკმარისია.
“თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ბორდერიზაციაზე, ბორდერიზაციას არ სჭირდება ამ დონის შეხვედრები, არსებულ ფორმატებში წყდება. ასეთი დონის შეხვედრები იმართება მხოლოდ სტრატეგიული საკითხების გადასაწყვეტად და არ არის მომწიფებული სიტუაცია. შეხვედრა შეხვედრისთვის კი ვნახეთ შედეგი რა იყო. ამ დონის შეხვედრაზე თეორიულად რა საკითხის გადაწყვეტა შეიძლება? – არაფერი, არ არსებობს ასეთი საკითხი. შესაბამისად, ისმის შეკითხვა – მაშინ, რას ემსახურება ეს შეხვედრა? ჩვენ ხელისუფლებას გაუჩნდა იმის ილუზია, რომ ჩვენ რომ კარგად ვიქცევით, რუსეთმა ეს უნდა დაგვიფასოს და რაღაც გადმოგვიგდოს. იმპერიები ასე არ მოქმედებენ. რაც უფრო მეტ რევერანსს გააკეთებ მის მიმართ, უფრო მაგრად მოგაწვება იმიტომ, რომ ამას გითვლის სისუსტეში. ეს თუ ვინმემ ვერ დაინახა არ ვიცი, მაშინ საერთოდ დაბნელებული გვაქვს თვალები. დაგვცინეს. რა უნდოდა ამ კაცს საერთოდ ვერ გავიგეო – ლავრომა ეს თქვა საბოლოო ჯამში. ითხოვდა შეხვედრას, შემეხვეწა შემხვდიო, მაგრამ რას ბლუყუნებდა ვერაფერი ვერ გავიგე და კარგად იყოსო. აი, ეს იყო შედეგი და ასეთი იქნება ჯერჯერობით.
გაწერილი დღის წესრიგით და წინასწარი შეთანხმებით, ასეთი დონის შეხვედრა შედეგის მომცემი შეიძლება იყოს თეორიულად. ზელენსკისაც ჰქონდა კონტაქტი კრემლთან, სატელეფონო მართალია, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული. შედეგზე ორიენტირებული რატომ იყო? – წინასწარი იყო მომზადებული ყველაფერი. მე შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ შეხვედრას უნდა საფუძველი და შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა ისე, როგორც მოიქცა ქართული დიპლომატია – აბსოლუტურად არაკომპეტენტურად, სპონტანურად და ქაოტურად. შედეგი იყო უარყოფითი ამ შეხვედრის, რამე გამოვიტანეთ იმ შეხვედრიდან? – ვერაფერი, დაცინვის მეტი.
ზალკალიანი კი არა, ვინც უნდა შეხვდეს, თუ შეხვედრის შემდეგ იტყვიან, რომ ვთქვათ, დევნილების დაბრუნების საკითხი გადაწყდა ან სხვა რამე საკითხი, ტაშს დავუკრავ, მაგრამ არ არის ამის საფუძველი. ბორდერიზაციის საკითხს კი, არ სჭირდება პირველი დიპლომატების შეხვედრა, არსებული ფორმატები სავსებით საკმარისია ასეთი ტიპის საკითხების გადასაწყვეტად. ეს არის სისუსტის გამოვლინება, მითუმეტეს, როდესაც შეხვედრის ინიციატორი შენ ხარ, ჩამოდიხარ და ამბობ, რომ ინიციატორი შენ კი არა, თითქოს რუსეთი იყო. შვეიცარია ასრულებდა ტექნიკურ ფუნქციას, შვეიცარია მხარე არ არის. შვეიცარია იყო შეხვედრის ინიციატორი, ამას გვეუბნებიან? იდიოტებზეა ეს გათვლილი. შვეიცარიას მიმართა ქართულმა მხარემ, რომ მინდა რუსეთთან შეხვედრა და შევიცარიამ ტექნიკურად უზრუნველყო ეს შეხვედრა”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.