საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი შეწყალების საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ საჭირო იქნება, სალომე ზურაბიშვილი კი არა, ნებისმიერი მოქალაქე თუ მთავრობის წარმომადგენელი უნდა მივიდეს დაკითხვაზე და გამოძიების კითხვებს გასცეს პასუხი
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ახლანდელმა თუ მომავალმა პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც საქმე პატიმრების შეწყალებას ეხება, აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების და კონკრეტული ოჯახების წინაშე.
„ადამიანები, რომლებიც იმპიჩმენტის თემაზე საუბრობენ, იმდენად მძიმე პერიოდი აქვთ გამოვლილი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირების შემწყალებელი პრეზიდენტის ხელში, რომ ვფიქრობ მათი ამ თემაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ქვეყანას შეიძლება სტრესი ან დესტაბილიზაციის წინაპირობა შეექმნას. პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ მგონია რომ სწორია, თუმცა ის შეფასებები, რომელიც მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა, ობიექტურია და უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ახლანდელმა თუ მომავალმა პრეზიდენტმა. არსებობს პასუხისმგებლობა საზოგადოების და კონკრეტული ოჯახების წინაშე” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.