„პირველ რიგში, მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ უმსგავსო საქციელისთვის. ჩემდა უნებურად ამ პროცესში ჩათრეული ვიყავი”, – ამ კომენტარს აკეთებს უმრავლესობის ლიდერი, ვანო ზარდიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხარი დაპირისპირების შემდეგ.
“საზოგადოება არ არის იმის ღირსი, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოდან ვანახოთ მსგავსი პროცესები. რაც შეეხება კონკრეტულად ქალბატონ ეკა ბესელიას, მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მე მხოლოდ ვთქვი, რომ გედი ფოფხაძემ ახსენა ჩემი მორალი. უბრალოდ ვიკითხე, გედი ფოფხაძეს რა აკვირვებდა ჩემს მორალში, როდესაც ეკა ბესელიას მორალი არ აკვირვებს, ამაში რა არის შეურაცხმყოფელი ან მაპროვოცირებელი, ეს ჩემთვის უცნობია”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
მისივე თქმით, ეკა ბესელია მუდმივად ცდილობს ამ პროცესში თავის დამკვიდრებასა და პოლიტიკური ფსკერიდან თავის ამოწევას.
“ეკა ბესელიამ იკადრა ყველაფერი ის, რაც იკადრა. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, რომლისთვისაც ძალადობა მისი ინსტრუმენტებია ქართულ პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად, შესაბამისად დაველოდები, თუ როგორ განვითარდება პროცესები. მისგან ეს საქციელი ჩემთვის მოულოდნელი არ იყო“, – აცხადებს ზარდიაშვილი.
მისივე განცხადებით, ეკა ბესელიასთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა არსებობს.
„ერთადერთი რამით ვარ კმაყოფილი, რომ ქალბატონი ეკა საკმაოდ კარგად ახერხებს, მოირგოს სხვადასხვა ნიღაბი და საზოგადოების წინაშე წარდგეს, როგორც კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი, მაგრამ რეალურად იგი აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. მასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა და იმისთვის, რომ მან ამ კითხვებს პასუხი არ გასცეს, იკადრებს ყველაფერს“, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
მისივე განმარტებით, იგი ეკა ბესელიასთან მიმართებაში დამოკიდებულებას საზოგადოებას ანდობს.
„ეთიკის საბჭოში საკითხის შეტანა ჩემთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი ერთი მარტივი საკითხის გამო – საზოგადოებას დაენახა ქალბატონი ეკას სახე. ჩემი აზრით, მან დღეს კარგად დაანახა თავისი სახე, შესაბამისად, ეკა ბესელიასთან მიმართებაში დამოკიდებულება საზოგადოებისთვის მიმინდვია“, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – მას დაარტყა.