ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი – რუსეთი ამაზე კომფორტულ გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ვერც იოცნებებდა

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლას “ოკუპანტი ქვეყნისთვის კომფორტულ გამოსვლას” უწოდებს.

კანდელაკს მიაჩნია, რომ გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა იყო ასევე “გაშვებული შესაძლებლობა”

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, რბილად რომ ვთქვათ, იყო გაშვებული შესაძლებლობა და რეალურად კი, ეს იყო კომფორტული გამოსვლა ოკუპანტი ქვეყნისათვის. კომფორტი მიანიჭა მან ოკუპანტ ქვეყანას. რაღაც ზოგადი ფრაზები თქვა, მაგრამ, მაგალითად, დღეს არის სოხუმის დაცემის და აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ტალღის დღე, რომელმაც აფხაზეთიდან განდევნა ომამდელი მოსახლეობის უმრავლესობა, ხომ შეეძლო მას ესაუბრა ამ ეთნიკურ წმენდაზე, ხომ შეეძლო ესაუბრა მას ჩვენს დევნილებზე, ხომ შეეძლო მას ესაუბრა ჩვენი დევნილების ქონებრივ უფლებებზე ოკუპირებულ ტერიტრიაზე და დღეს მათთვის წართმეული სახლები და ბინები ქირავდება „ბუქინგქომზე“. ქალბატონ ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა არის საქართველოს თხოვნა მეგობრების მიმართ. არაფერი უთქვამს, რომ საქართველოს საკითხი უნდა იდგეს უმაღლეს დონეზე დასავლეთსა და რუსეთს შორის. არაფერი უთქვამს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და რამე ნაბიჯებზე, რაც უნდა დავუპირისპიროთ პრევენციის სახით, რომ ასეთი მკვლელობები მომავალში აღარ მოხდეს. არაფერი არ უთქვამს იმაზე, უნდა შევიდეს თუ არა საქართველოს ოკუპაციისა და დევნილთა საკითხი რუსეთზე ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკვე დაკისრებულ სანქციებზე. მან გამონახა დრო მითოლოგიაზე და ასეთ საკითხებზე სასაუბროდ. ფაქტი სახეზეა, რომ რეალურად რუსეთი ამაზე კომფორტულ გამოსვლას საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ვერც იოცნებებდა“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი გუშინ, 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა;

იტვირთბა....