ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დედაქალაქის მერიამ მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა დაიწყო

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამის დოკუმენტს დანიური კომპანია „რამბოლი“ მოამზადებს.

„უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. ანუ ეს არის ტრანსპორტის გენერალური გეგმა. მისი შემუშავებისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მსოფლიოში წამყვანმა დანიურმა კომპანია „რამბოლმა“, რომელიც ამ დოკუმენტზე მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით იმუშავებს. თვითონ ტენდერი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ურბანული მობილობის გეგმა 15 წელზე იქნება გაწერილი და ხელს შეუწყობს ქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტის სწორად გადანაწილებას.

„ურბანული მობილობის გეგმა იქნება 15-წლიანი, დროში გაწერილი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ტრანსპორტის განვითარების ყველა ასპექტს: საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების, ასევე, ქვეითთა გადაადგილებას. ამ დოკუმენტის საფუძველზე, შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება. ამა თუ იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას, კონკრეტული ქუჩისთვის ისეთ პროექტს ვაკეთებთ, სადაც გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, ველობილიკები, ტროტუარების მოწყობა-მოწესრიგება. აღნიშნული დოკუმენტი კი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში მთელი თბილისის გეგმა გაიწერება და ინდივიდუალურად კონკრეტული ქუჩების დაგეგმვა არ მოგვიწევს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიას დაწყებული აქვს მუშაობა დედაქალაქში შუქნიშნების მოწესრიგებასა და ახალი სისტემის დანერგვაზე.

„გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“, რომელიც ასევე ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს, თუმცა ამ ორ კომპანიას შორის განსხვავება არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშუტების დაგეგმვას ითვალისწინებს, „რამბოლი“ კი სტრატეგიულ დოკუმენტზე იმუშავებს და ქალაქში მოძრავ ყველა ტრანსპორტს მოიცავს. აღნიშნულ სამუშაოებს, დაახლოებით, 11 თვე დასჭირდება და შემდეგ სრული დოკუმენტი გვექნება.

გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ ქალაქში შუქნიშნების მოწესრიგება მოხდეს. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ჭკვიანი შუქნიშნები, რომლებიც ერთმანეთს უყურებს და ქალაქის ერთ მონაკვეთში თუ საცობია, ისე მუშაობს, რომ გამტარუნარიანობა უფრო გააადვილოს. ჩვენც გვინდა ანალოგიური მიდგომები გადმოვიტანოთ. ამაზე ჩემი მოადგილე მაია ბითაძე დიდი ხანია მუშაობს, უახლოეს მომავალში პროგრამების სახით გვექნება შესყიდული და ვფიქრობ, ეს ჩვენს ქალაქს ძალიან წაადგება. რასაც ვაკეთებთ – სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, შუქნიშნების მოწესრიგება და ახალი სისტემის შექმნა – ერთიანობაში მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს, გადავჭრათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

იტვირთბა....