ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კუდიანებზე ნადირობა” – აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ გააკეთა.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი 25 ივლისს, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გახდა, რა დროსაც ტრამპმა ზელენსკისგან მოითხოვა, დაეწყო გამოძიება აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის კორუფციული საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

ნენსი პელოსი აცხადებს, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა, ტრამპის სატელეფონო საუბარი ვლადიმირ ზელენსკისთან კი ამერიკის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

ტრამპი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება ყველაფერს ნათელს მოჰფენს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუცია საშუალებას აძლევს კონგრესს, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მან კანონი დაარღვია.

იტვირთბა....