ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის 2 ნარკორეალიზატორია.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ტ.გ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ბინის და ეზოს ჩხრეკის შედეგად, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ფონიჭალაში დაკავებულ მეორე ნარკორეალიზატორს, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ო.გ.-სგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულის გარდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 კილოგრამი “ჰეროინი” ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს.
პოლიციამ, 1961 წელს დაბადებული ნ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის” შემცველი 1500 აბი “სუბუტექსი” ამოიღო. 1962 წელს დაბადებული ი.ნ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება “მეტადონის” 207 აბი, 1 შეკვრა “ამფეტამინი”, 1 შეკვრა “ჰაშიში” და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ნ.-მ, თანამზრახველთან – ნ.რ.-სთან წინასწარი შეთანხმებით, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ზემოაღნიშნული 1500 აბი “სუბუტექსი”, რომელიც შემდეგ ნ.რ.-მ მისი დავალებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული სამხრეთ აფრიკის მოქალაქე. პოლიციამ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.მ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა 16 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 25 კილოგრამი “ჰეროინი”, 1 კილო და 950 გრამი “კოკაინი”, 11600 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 4000 აბზე მეტი “ექსტაზი”, 9 კილო და 600 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.