დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ვალერი ჩეხერიასთან ერთად, რადიოქარხნის ტერიტორია დაათვალიერა.
„აჭარა ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ – „ინდუსტრიული ქალაქი“ რადიოქალაქის ტერიტორია, დაახლოებით, 23 მლნ ლარად, აუქციონზე შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომლის თანახმად აღნიშნული სივრცის განვითარებაში, 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. გარდა ამისა, პროექტი იმ კონცეფციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული კომპანიის, „კოლიერსის“ მიერ არის შედგენილი.
კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად თბილისში კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება.
„ალბათ ყველას გახსოვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობასთან მქონდა ერთ-ერთი პრეზენტაცია ამ კონკრეტული ადგილის მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც „კოლიერსმა“ მოგვიმზადა. კონცეფციაში მითითებულია, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც მართლაც საინტერესო სივრცეა. გამოვაცხადეთ ტენდერი და თავისი კონცეფციით გავყიდეთ. გამარჯვებულია „აჭარა ჯგუფი“, რომლის მფლობელობაშია სასტუმროები: „სტამბა“, „რუმსი“, ასევე „ფაბრიკა“. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო ადგილი არა მხოლოდ გლდანის, მუხიანისა და თემქის მცხოვრებთათვის, არამედ მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის. აქ იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის. აქ ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს, გაერთოს და დაისვენოს. პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსის მშენებლობას. კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რადიოქარხნის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო, საგამოფენო, საკონცერტო, კულინარიული, სამუშაო-საწარმოო, სპორტული, ფიტნეს და სხვა ტიპის სივრცეები, ღამის კლუბი, საცურაო აუზი, რეკრეაციული სივრცე, კინოთეატრი, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი და სხვა.