ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლებში, სადაც სასწავლო წელი დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება

სკოლები სადაც სასწავლო წელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება – ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, სკოლების რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება და ამიტომ, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილების საჭიროება არ არსებობს.

„მოგეხსენებათ, რომ 700-მდე სკოლაში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. საქართველოში სკოლის ინფრასტრუქტურის ამხელა მასშტაბის რეაბილიტაცია არასდროს ყოფილა. დარჩა 19-მდე სკოლა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება, რომ სამუშაოები დამთავრდეს. მაქსიმუმ 2 კვირის ფარგლებში ამ სკოლებში აღდგება სწავლა და გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება. ყველაზე მთავარია ის პროექტები, რომელიც წელს ინფრასტრუქტურულად განხორციელდა“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. სწავლის დაწყება საქართველოს 19 საჯარო სკოლაში გადაიდო. სწავლა სკოლების ნაწილში 30 სექტემბერს, ნაწილში კი 23 სექტემბერს განახლდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

იტვირთბა....