იუსტიციის სახლში, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების 15 მშობელი, სხვადასხვა ქვეყნებიდან, კვლავ შვილების დაბადების მოწმობების მიღებას ითხოვს. როგორც კლინიკა “ნიუ ლაიფ ჯორჯიას” დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა “მეტრონომს” უთხრა, თუ მისი კლინიკის პაციენტები საბუთს დღესაც ვერ მიიღებენ, ის, მშობლებთან ერთად, ღამეს იუსტიციის სახლში გაათევს.
მისივე თქმით, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი ოფისი და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.
“აქ არის დაახლოებით 15 მშობელი, პარასკევის შემდეგ, სიტუაცია არ შეცვლილა, შაბათს იუსტიციის სახლი დაკეტეს, მექორწინეებიც არ შეუშვეს და გამზადებულ საბუთებს არ აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ, რომ სავარაუდოდ მუშაობდნენ ამ დოკუმენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ველოდი, დღეს კარში შემოგვეგებებოდნენ და მზა დაბადების მოწმობებს მოგვცემდნენ, რათა ამხელა აურზაური აერიდებინათ, ისევ გვალოდინებენ, თოთო ბავშვებით. ვმუშაობთ, დაგველოდეთ, ამას გვეუბნებიან თვენახევარია. თუ დღესაც ვერ ავიღეთ დაბადების მოწმობა, ვგეგმავთ, მოვიტანოთ ღამის გასათევი საშუალება და შიგნით დავწვეთ, რათა ხელი შევუშალოთ იუსტიციის სახლს, როგორც თვითონ გვიშლიან ხელს. საქართველოს მოქალაქეებს კი ხვალ გაშლილი საწოლები დახვდებათ აქ. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად წავიღებთ სტრასბურგში, თითოეული მშობელი იჩივლებს საკუთარი უფლებების დასაცავად, მოითხოვენ მორალურ და ფინანსურ კომპენსაციას”, – აცხადებს მარიამ კუკუნაშვილი.
ორი ბავშვის დაზარალებული მშობლის, ლინდსი ბარტონის თქმით, დაბადების მოწმობის გარეშე ვერც პასპორტს იღებენ და ვერც ჯანმრთელობის დაზღვევას, ამიტომაც, იუსტიციის სახლს მანამ არ დატოვვებს, სანამ საბუთს არ მიიღებს.
“ჩვენ დიდი ბრიტანეთიდან ვართ, ორი შვილი გვყავს, ორი ბიჭი. დაბადების მოწმობა აუცილებლად გვჭირდება, ვერაფერს ვაკეთებთ. ვერც პასპორტს ვიღებთ, ვერც ჯანმრთელობის დაზღვევას. იუსტიციის სახლში ვისხდებით მანამ, სანამ არ მივიღებთ დაბადების მოწმობებს, ნაწილმა პარასკევს მიიღო და ვერ ვხედავ მიზეზს, ჩვენ რატომ არ უნდა მოგვცენ დღეს.” – უთხრა “მეტრონომს” ლინდსი ბარტონმა.
იუსტიციის სახლში ის მშობლებიც რჩებიან, რომლებმაც დაბადების მოწმობები უკვე აიღეს, თუმცა სურთ, დანარჩენებს დაუჭირონ მხარი.
“ახლა, აქ სხვა მშობლების მხარდასაჭერად ვარ, ჩვენ გაგვიმართლა და უკვე მიიღეთ დაბადების მოწმობა, მაგრამ აქ მანამ ვიქნებით, სანამ ჩემი მეგობრების მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება”, – გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
“ნიუ ლაიფ ჯორჯიას” დამფუძნებლის თქმით, საქართველოში მოლოდინიც კი ნეპოტისტურად წარიმართება.
“ორშაბათს, პირველი, ვინც აიღო ყველა პაციენტის დაბადების მოწმობა, ეს იყო “ოცნების” დეპუტატის ქალიშვილი, ვსაუბრობ ჩაჩავას კლინიკის მფლობელზე, ელგუჯა გოცირიძეზე. შაბათს შეხვდა ქეთი გოცირიძე მინისტრს და ორშაბათს მის ყველა პაციენტს დაბადების მოწმობა ჰქონდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ისიც ვთქვა, რომ სამშაბათს, სხვა კლინიკის პაციენტებმაც აიღეს საბუთი, ისივე, როგორც პარასკევს ჩვენმა ექვსმა პაციენტმაც, მაგრამ ლოდინიც ნეპოტიზმიც წყდება ჩვენს ქვეყანაში. ახლა იუსტიციის სახლში ხარვეზზე აღარ საუბრობენ, უბედურება იმაშია, რომ პასუხი არავის არაფერზე აქვს, ხალხთან კომუნიკაცია არ სურთ”. – განაცხადა მარიამ კუკუნაშვილმა.
“მეტრონომი” იუსტიციის სახლში პარასკევს, 13 სექტემბერსაც იმყოფებოდა, მშობლები, რომლებმაც დაბადების მოწმობების აღება შეძლეს, ცრემლებს ვერ მალავდნენ, დანარჩენებს კი იუსტიციის სახლის თანამშრომელმა უთხრა, რომ მათი საქმეები განხილვის პროცესშია, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და მშობლების კითხვებს პასუხი არ გასცა.
„იუსტიციის სახლში“ ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად მისულ მშობლებს, რომლებსაც ბავშვები ხელოვნური განაყოფირების და სუროგატის დახმარებით გაუჩნდათ, თვენახევარია პრობლემები ექმნებათ. ერთი კვირაა დაიწყო დაბადების მოწმობების გაცემა, თუმცა, როგორც „მეტრონომს“ აუხსნეს, აღნიშნული საბუთი, ჯერ მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული კლინიკების პაციენტებზე გასცეს, შემდეგ კი დანარჩენი კლინიკის პაციენტების მშობლების ნაწილზე, დანარჩენები კი კვლავ უშედეგოდ ითხოვენ დაბადების მოწმობების მიღებას.
თამთა ქარქაშაძე