“ჩვენ დიდი ბრიტანეთიდან ვართ, ორი შვილი გვყავს, ორი ბიჭი. დაბადების მოწმობა აუცილებლად გვჭირდება, ვერაფერს ვაკეთებთ. ვერც პასპორტს ვიღებთ, ვერც ჯანმრთელობის დაზღვევას. იუსტიციის სახლში ვისხდებით მანამ, სანამ არ მივიღებთ დაბადების მოწმობებს, ნაწილმა პარასკევს მიიღო და ვერ ვხედავ მიზეზს, ჩვენ რატომ არ უნდა მოგვცენ დღეს.” – ასეთ კომენტარს აკეთებს “მეტრონომთან” დაზარალებული მშობელი, ლინდსი ბარტონი, რომელიც ამ წუთებში იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილეა.
სუროგოციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლების პროტესტი, იუსტიციის სახლში გრძელდება. ისინი უკვე მეორე თვეა დაბადების მოწმობების მიღებას ელოდებიან. როგორც მშობლებმა “მეტრონომს” განუცხადეს, შექმნილი შეზღუდვის გამო, ისინი ვერც ქვეყანას ტოვებენ და ვერც ჯანმრთელობის დაზღვევას იღებენ.
„იუსტიციის სახლში“ ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად მისულ მშობლებს, რომლებსაც ბავშვები ხელოვნური განაყოფირების და სუროგატის დახმარებით გაუჩნდათ, თვენახევარია პრობლემები ექმნებათ. ერთი კვირაა დაიწყო დაბადების მოწმობების გაცემა, თუმცა, როგორც „მეტრონომს“ აუხსნეს, აღნიშნული საბუთი, ჯერ მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული კლინიკების პაციენტებზე გასცეს, შემდეგ კი დანარჩენი კლინიკის პაციენტების მშობლების ნაწილზე, დანარჩენები კი კვლავ უშედეგოდ ითხოვენ დაბადების მოწმობების მიღებას.
თამთა ქარქაშაძე, იუსტიციის სახლიდან