მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, კიდევ 28 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები უკვე არაერთ ოჯახს გადაეცა. მათ ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.
„კიდევ 28 ოჯახი შეემატება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიერ გადაცემულ ბინებს სიმბოლურ ფასად დაიკანონებენ. 14 ოჯახს ბინები დადიანის N2-ში დაუკანონდება, ცხრა ოჯახს – თენგიზ სტურუას N29-ში; სამ ოჯახს – ქიზიყის ქუჩის N23-ში; ორ ოჯახს – მუხიანის დასახლებაში; ერთ ოჯახს – წყნეთში, რუსთაველის ქუჩა N45-ში და ერთ ოჯახს – გრიგოლ ლორთქიფანიძის N22-ში. ბევრია ისეთი ოჯახი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლებია ცხოვრობენ და ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომაა ჩვენი სამსახურების მხრიდან იმისთვის, რომ ბინების დაკანონება მოხდეს. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.