პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ცვლილებები გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს
გიორგი გახარიამ პარტიის ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის. დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას პარლამენტში და მინდა ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს. ლევან იზორია ასევე დაიკავებს მაღალ თანამდებობას ჩვენს გუნდში, ის უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს. ეს არის ცვლილებები, რომელიც დარწმუნებული ვარ გააძლიერებს გუნდს და გახდის მას უფრო ეფექტურს, რაც ყველაზე მთავარია. რაც შეეხება პროგრამას, შევხვდებით პარლამენტში და ვისაუბრებთ დეტალურად იქ“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.