პარლამენტის საშემოდგომო სესია სამშაბათს, 3 სექტემბერს გაიხსენება.
საშემოდგომო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განსახილველად გატანამდე, პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა დაიწყება.
პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.
გარდა ამისა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში დადგება გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, რაც საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო.
რაც შეეხება საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგიდან მოხსნილ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას, სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძეს პარლამენტი აღარ მოუსმენს, რადგან როგორც მოსალოდნელია, პარლამენტის დღის წესრიგში ახალი პრემიერ-მინისტრისა და ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.
საშემოდგომო სესიის პირველი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს პარლამენტის ბიუროს 2 სექტემბრის სხდომაზე დაადგენს.