ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლიტვინენკოზე მთელი მსოფლიო კიოდა, პანკისელი კი უსამართლო სამყაროს ყურადღებას ვერ დაიმსახურებს”

“არც საქართველომ დაიცვა და არც გერმანიამ” – ამ სათაურით ჩანაწერს მემარცხენე აქტივისტი, ლევან ლორთქიფანიძე გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ აქვეყნებს.

როგორც ლორთქიფანიძე წერს, 2006 წლიდა, რუსეთის დუმის გადაწყვეტილების მიხედვით, ფედერალური სტრუქტურები მთელ მსოფლიოში ხოცავენ მტრებად შერაცხულ პირებს.

“ლიტვინენკოზე მთელი მსოფლიო კიოდა, პანკისელი კი უსამართლო სამყაროს ყურადღებას ვერ დაიმსახურებს”. – წერს ის და აქვეყნებს გერმანულ-კავკასიური საზოგადოების თავმჯდომარის, ეკერჰარდ მაასის წერილის ნაწილს. განცხადებით, რომელიც 2017 წლის იანვრით თარიღდება, პუბლიცისტმა მიგრაციისა და ლტოლვილთა ბუნდესამტს მიმართა. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ ტექსტი 2017 წლის (!!!) იანვარით თარიღდება.

“ზელიმხან ხანგოშვილი დაიბადა 1979 წლის 15 აგვისტოს დუისში, პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონში.ოჯახს ახლო ურთიერობები ჰქონდა ნათესავებთან, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, შატოის ოლქში ცხოვრობდნენ. 1991 წელს ოჯახი ჩეჩნეთში გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ პირველი რუსულ-ჩეჩნური ომის დროს, 1994-1996 წლებში ხანგოშვილები კვლავ თავს აფარებდნენ პანკისის ხეობას.

1996 წელს ზელიმხან ხანგოშვილმა თავისი პირველი პასპორტი ჩეჩნეთში მიიღო. ჩეჩნეთის მეორე ომის მიმდინარეობის დროს თავდაპირველად იგი შამილ ბასაევთან ერთად იბრძოდა, შემდეგ კი არაბი ლიდერის, აბუ ვალიდის რაზმში ირიცხებოდა. 2002 წლისთვის მას 60 მებრძოლი ემორჩილებოდა. ამავე პერიოდში ხანგოშვილის მეუღლე მახაჩკალაში ცხოვრობდა და სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.

2004-2005 წლებში ხასანვიურტის, მახაჭკალისა და ბაქოს გავლით ზელიმხან ხანგოშვილი და მისი ოჯახი არალეგალურად შემოვიდნენ საქართველოში. ზელიმხანმა მოახერხა და მალევე აიღო ქართული პასპორტი, სადაც მას დედის გვარის მიხედვით თორნიკე ქავთარაშვილი ეწოდა. თავდაპირველად, ოჯახი პანკისში ცხოვრობდა, გარკვეული დროის შემდეგ მათ ბინა თბილისში დაიდეს. ზელიმხანის მეუღლე თბილისში ექიმად მუშაობდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ქისტებში, ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებში განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა. 2008 წლის რუსულ-ქართული ომის დროს მან ორასკაციანი რაზმი ჩამოაყალიბა, რომელსაც საქართველოს მხარეს უნდა ებრძოლა. თუმცა, საბოლოოდ ამ რაზმს ომში ჩართვა არ მოუწია.

2009 წელს შს მინისტრის მოადგილემ – გიორგი ლორთქიფანიძემ ზელიმხანი გააფრთხილა, რომ მასზე დაქირავებული მკვლელები იყვნენ მიმაგრებულნი.

2012 წელს ზელიმხან ხანგოშვილი აქტიურად მონაწილეობდა ლაფანყურის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მცდელობაში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის 28 მაისს მასზე სერიოზული თავდასხმა განხორციელდა, რომლის შემდეგაც ის თურქეთისა და პოლონეთის გავლით უკრაინაში გადავიდა. მას უკრაინაშიც ემუქრებოდა სასიცოცხლო საფრთხე, ამიტომ ზელიმხანმა გერმანიაში გადაწყვიტა დასახლება. ის ჩვენს ქვეყანაშიც ყოვლდღიურად იღებს მუქარის წერილებს.

ზელიმხან ხანგოშვილს იმდენად დიდი საფრთხე ემუქრება, რომ გთხოვთ მიიღოთ განსაკუთრებული ზომები მის დასაცავად და არ გააგზავნოთ იქ, სადაც მას პუტინის გრძელი ხელი მიწვდება.”- ვკითხულობთ ნაწყვეტში, რომლის თარგმანიც ლევან ლორთქიფანიძეს ეკუთვნის და დასძენს, რომ ის ნაუცბათევადაა შესრულებული.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის ცხედარი გერმანიიდან საქართველოში 29 აგვისტოს ჩამოასვენეს.

ის 23 აგვისტოს, ბერლინში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე, 49 წლის მამაკაცი, რომელიც უკვე დაკავებულია.

ამავე თემაზე: “გერმანიაში მოკლეს ჩვენი მეგობარი ზელიმხან ხანგოშვილი, ეს ტყვიები ქართული სახელმწიფოს ერთგულებისთვისაც მოხვდა”

იტვირთბა....