ამაზონის ტყეები დედამიწის ფილტვებად ითვლებოდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ამაზონის ტყეების რაოდენობა შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა გაწიეს, რათა ამაზონის ტყეები არ შეცვლილიყო. რეალურად, სიტუაცია კატასტროფულად უარესდება და კლიმატის ცვლილება აშკარად უფრო ცხადი ხდება, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ ამაზონის ჯუნგლებში მიმდინარე ხანძრისა თემის კომენტირებისას განაცხადა.
ჩხობაძის განცხადებით, დღეს მსოფლიოში მასიურად უნდა შეიქმნას ტყის მასივები, რათა როგორმე შენარჩუნდეს დედამიწა.
“მოთხოვნები, რომელიც დღეს მსოფლიო ლიდერებთანაა, არა მარტო ამაზონის ტყეებზეა აქ საუბარი, თავიდან მასიურად უნდა შეიქმნას ტყის მასივები. მსოფლიოს მთელი გეზი გატყევებისკენაა, მიმართული, რათა რამენაირად შევინარჩუნოთ დედამიწა. რას ნიშნავს რომ ტყე ქრება? ტყის გაქრობა წყლის ოდენობა მკვეთრად შემცირდება. საქართველოში სადაც კი გაჩეხეს ტყე, მკვეთრად შემცირდა წყლის რაოდენობა. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ჩვენთან ჭალის ტყეები აღარაა. ეს არის ტყეები, რომლებიც მდინარეებს აორთქლებისგან იცავდნენ. დღეს საქართველოში არ გვაქვს სერიოზული პროგრამა ტყის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ მაინც ვფიქრობთ იმაზე, რომ ტყემ უნდა მოიტანოს შემოსავალი, უნდა გაიჭრას და ამით შევინარჩუნებთ ტყეს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ტყემ ძალიან ბევრი ოჯახი შიმშილს გადაარჩინა, მაგრამ ახლა ტყე შველას ითხოვს. ტყეში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია და მასიურად უნდა გაშენდეს ტყე.
იცით რა მოხდა რუსეთში, სამ მილიონ ჰექტარამდე ტყე დაიწვა და ბოლომდე არ ვიცით თუ რა შედეგს მოიტანს ეს. საბოლოოდ, კლიმატმა დიდი ცვლილება განიცადა ამ ხანძრის შედეგად და რა მოხდება, არავინ იცის. ფაქტია, რომ არასახარბიელო სიტუაციაა”, – აცხადებს ჩხობაძე.
მისივე თქმით, ბევრ ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობაა დაწყებული და გარემოს დაცვის კუთხით, მთავრობებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, მაგრამ იქნება თუ არა მსოფლიო მზად, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე კვირაა ამაზონის ტყე, “დედამიწის ფილტვები”, იწვის. ბრაზილიის მთავრობის განცხადებით, მათ რესურსი არ ყოფნით ხანძრის ჩასაქრობად. ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული. ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეა, რადგან ეს ტროპიკული ტყე პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს გამოიმუშავებს.
ავტორი: ბესო კუნელაური