დიდი ბრიტანეთი და გერმანია რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, უკრაინაში შექმნილი სიტუაცია და სოლსბერიში მომხდარი ინციდენტი, რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნებას შეუძლებელს ხდის.
ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების პროცესმა, მაგალითისთვის მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, ნაწილობრივ წინ წაიწია, თუმცა ის მიზეზები რის გამოც რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხეს, უცვლელი რჩება.
მერკელის ამ განცხადებას დაეთანხმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.
შეგახსენებთ, რომ ეს წინადადება დონალდ ტრამპმა 24-26 აგვისტოს საფრანგეთში დაგეგმილი დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების პირველი პირების სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.