საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ რუსთავი 2-დან ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ საუბრისას განაცხადა, არცერთი კომპანია არ დაუშვებს იმას, საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას.
გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც ტელევიზია საკუთარი ნებით დატოვეს, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთან ერთად რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ.
„კონკრეტულმა ადამიანებმა, მათ შორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადეს, რომ იბრძოლებენ და მათი მთავარი მიზანი რუსთავი 2-ის დანგრევა იქნება. ადამიანებმა, რომლებიც აქამდე რჩებოდნენ თავის პოსტებზე, განაცხადეს, რომ ამ ბრძოლაში მიყვებიან ყოფილ გენერალურ დირექტორს. არცერთი კომპანია, არც ნებისმიერი სხვა დაწესებულება არ დაუშვებს იმას, რომ საკუთარ კომპანიაში, საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას. აქ რუსთავი 2-ის კრიტიკულობა არაფერ შუაშია. მე პირადად, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რუსთავი 2 კრიტიკული ტელევიზიაა ეს არის პარტიული ტელევიზია ხოლო ყველა სხვა ტელევიზია შეიძლება იყოს კრიტიკული ტელევიზია.
რუსთავი 2-ის იმ ჟურნალისტებმა რომლებმაც დატოვეს პოსტები, ისიც უნდა აღიარონ რომ მათი მიზანი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გალაშქრება და გვარამიას ბრძოლაში მონაწილეობა იყო“, – განაცხადა
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამარხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი) სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამუშაო ადგილები დატოვეს.
ასევე გუშინდელი ღამის შემდეგ ახალი ამბები არ ქვეყნდება “რუსთავი 2-ის” ვებსაიტზეც.