“მინდა შევახსენო აფხაზებს, რომ ასე ჩუმი მეთოდებით მიითვისა რუსეთმა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს ტერიტორიის როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალი”
აფხაზეთში, უკვე დიდი ხანია მსჯელობა მიდის მაღალმთიან სოფელ აიბღაზე. როგორც ირკვევა, რუსულმა მხარემ ეს სოფელი მიისაკუთრა და უფრო მეტიც, რუსულ საკადასტრო რეესტრში მოხსენიებულია, როგორც რუსეთის ტერიტორიის ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სუხუმი” ავრცელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა.
საქმე იმაშია, რომ აღნიშნული სოფელი მდებარეობს რუსეთ-საქართველოს საზღვართან, რომელსაც ყოფს მდინარე ფსოუ. სოჭის ოლიმპიადის დროს, სოფელი აღმოჩნდა რუსი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ და სოფლის სიღრმეში სასაზღვრო პოსტიც კი მოეწყო.
ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ქალაქ სოჭის მერი სოფლის მაცხოვრებლებს ეწვია და დაპირდა მათ, რომ სოფლის ინფრასტრუქტურას თანამედროვე დონეზე მოაწყობდა. რუსულ ტელეკომპანია “ყუბანის” პირდაპირ ეთერში მერმა პირდაპირ განაცხადა, რომ სოფელი აიბგა შედის ადლერის (დღევანდელი რუსეთის ტერიტორია) შემადგენლობაში, რამაც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სოფელი 1904 წელს ქუთაისი გუბერნიის ტერიტორიის ნაწილი იყო (იხილეთ რუკა).
1920 წლის 7 მაისს, რუსეთ საქართველოს მოლაპარაკებები დროს (იხილეთ ფოტო ქვევით), სადაც მხარეები ერთმანეთის ტერიტორიებს ცნობენ და აღნიშნავენ დეტალებში საზღვრებს, მდინარე ფსოუს საზღვარი და მათ შორის სოფელი აიბღა რჩება ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში.
თითქმის საუკუნის შემდეგ, უკვე ვნახულობთ რუსულ საკადასტრო რეესტრს, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელი აიბღა გაგრის ზონის შემადგენლობაში კი არა, არამედ კრასნოდარის მხარის ნაწილს წარმოადგენს (იხილეთ რეესტრი).
სააგენტოს, თვალსაჩინოებისათვის მოაქვს კოორდინატები (43.585401 40.242553) და ფოტო Google Maps-იდან (იხილეთ ფოტო ქვევით), სადავ ჩანს, რომ აღნიშნული სოფელი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წერტილს დღეს ვერ აკონტროლებს როგორც ოფიციალური თბილისი, ასევე აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება და ის აღმოჩნდა რუსული რეესტრის ბაზაში.
“მინდა შევახსენო აფხაზებს, რომ ასე ჩუმი მეთოდებით მიითვისა რუსეთმა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს ტერიტორიის როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალი. დიახაც, ახლა ამას არავინ გაიხსენებს, მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი გადიოდა როკის გვირაბიდან ჩრდილოეთ გამოსასვლელში, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. შემდეგ იყო ფორმალური მიზეზი, რომ თითქოს როკის გვირაბით, არალეგალური სპირტისა და ავტომანაქანების გადატანის მოტივით, რუსულმა მხარემ გადაიტანა პოსტი ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც 2008 წლის ომის დროს, რუსული მხარე ემზადებოდა სამხედრო შეტევისთვის საქართველოზე” – აღსანიშნავია, რომ ეს ტექსტი არის ერთ-ერთი აფხაზი მოქალაქის, რომლის ვინაობას არ ასახელებს საინფორმაციო სააგენტო.