საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით ანაკლიის პორტი არის სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც საჯარო და კერძო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, სახელმწიფო ელოდება, როდესაც ამ პროექტის კერძო პარტნიორები და ინვესტორები შეასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვთ.
„საჯარო სექტორი ანუ სახელმწიფო თავის ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს, ხოლო იქ, სადაც კერძო სექტორს უჭირს ინვესტიციების მოზიდვა, კრედიტის მიღება, თავისი ვალდებულების შესრულება, როგორც იცით, ჩვენ არაერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ვადების მხრივ იყო ცვლილებები, იყოს სუბორდინირებული სესხები, სახელმწიფომ გადაიხადა კონკრეტულად ფული იმისთვის, რომ კონკრეტულად მიწების გამოსყიდვა მომხდარიყო ანაკლიის პორტისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმე სახელმწიფოს მხრიდან არის გაკეთებული. ველოდებით, როდესაც ამ პროექტის კერძო პარტნიორები და ინვესტორები შეასრულებენ იმ ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვთ.
ეს არის რთული პროექტი, რომელიც თვისობრივად ცვლის და უპირატესობას მოუტანს რა თქმა უნდა საქართველოს ეკონომიკას. შესაბამისად, ის გამოწვევები და ბარიერები, რომლებიც ამ პროექტს შეიძლება ჰქონოდა, თავიდანვე კონსორციუმს და პროექტის ავტორებს, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ჰქონდა გათვლილი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის რთული, კომპლექსური პროექტი. შესაბამისად, მისი განხორციელება ადვილი არ არის და ბუნებრივია, ამიტომაც არის საჭირო სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. როგორც გითხარით, სახელმწიფო ყველა ვალდებულებას ასრულებს ამ პროექტთან მიმართებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.