ახალი ამბები მთავარი სამართალი

გვარამია – გირაოს გადამხდელი არ ვარ

რაც უნდა მოითხოვონ, გირაოს გადამხდელი არ ვარ, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

გვარამიას განცხადებით, ვინც მას ბრალდებას უყენებს დამარცხების გზაზეა დამდგარი.

“რაც უნდა მოითხოვონ, მე გირაოს გადამხდელი არ ვარ. ძალიან მაინტერესებს, მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს იმ ბრალდებულს, რომლიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს. მოსამართლესაც არ აქვს თეორიულად ამისი უფლება, მაგრამ ვნახოთ, ჩვენ არ ვიმყოფებით რბილად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სასამართლოს წინ. მე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ დღეს, გუშინ მქონდა ბრაზი იმის გამო, რომ კორუფციაში მადანაშაულებდნენ, დღეს არ მაქვს ეს ბრაზი, რადგან ვიცი, რომ ისინი, ვინც ამ ბრალდებებს თხზავენ, უკვე დამდგარი არიან დამარცხებების გზაზე. და ეს დამარცხებები დამთავრდება იმით, რომ კაპიტულაციას ისინი ჩამაბარებენ მე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება:

მუხლი 220. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: 

საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

იტვირთბა....