გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. მუხიანი 2-ში, ჟვანიასა და საზანოს ქუჩების მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 600 კვ.მ ფართობზე, სადაც წყალარინების ქსელი უკვე მოეწყო, ასფალტის საფარი იგება. ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ბორდიური.
სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.
„თბილისის მერია მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, ჩვენ კი პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 2 600 კვ. მეტრ ფართობზე გრუნტის გზის ნაცვლად, ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების ქსელისა და გზის საფარის მოწესრიგება ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც ჟვანიას ქუჩიდან ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდე ქსელის მოწყობასა და 150 ოჯახის დაერთებას ითვალისწინებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.
დედაქალაქის მერის დავალებით, დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველ ეტაპზე, 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი მოეწყო. მეორე ეტაპის სამუშაოების დროს კი ქსელს 100-მდე ერთეული საკომუნიკაციო ჭა დაემატა.
წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ აწარმოებს. პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 860 000 ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, გლდანის რაიონში დამატებით, რამდენიმე მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე, ჯანჯღავას I შესახვევში ხორციელდება.