თსუ-ის ლექტორი, გიორგი გორაშვილი, რომელმაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტს, ბუბა ნაჭყებიას უჩივლა, სოციალურ ქსელში მიზეზებს განმარტავს.
გიორგი გორაშვილი საზოგადოებას მიმართავს, თუ სურთ, ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ლექტორსა და სტუდენტს შორის კომუნიკაციის ენა ლანძღვა – გინება არ იქნება, შეუერთდნენ და აზრი დააფიქსირონ.
“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგრძნობ მორალურ ვალდებულებას განვმარტო, თუ რა ფაქტობრივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე ბუბა ნაჭყებიას მიერ განხორცილებული მოქმედებასთან დაკაშირებით, რადგან აშკარაა, რომ ფაქტების დამახინჯებისა და მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციის გამო, საზოგადოების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება.
ჩემთვის სრულიად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ იურისტების მრავალათასიან ფეისბუქ ჯგუფ – TSU Faculty of Law (2016)-ში, სადაც თითქმის ყველა ჩემი სტუდენტი, კურსდამთავრებული, მეგობარი, კოლეგა – იურისტები (რომელთაგანაც შევიტყვე შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ) არიან გაწევრიანებულნი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბუბა ნაჭყებიამ, 2019 წლის 30 ივნისს, საჯაროდ გამოაქვეყნა ჩემი ლანღვა-გინების (დედის გინება) შემცველი პოსტი, რაც არაერთხელ განმეორდა (მათ შორის დღესაც), როგორც ზემოთ აღნიშნულ, ისე სხვა ფეისბუქ ჯგუფში სახელწოდებით TSU Faculty of Law (ფარდის მიღმა)-ში, რომელიც შექმნა უშუალოდ ამ უკანასკნელმა. დღევანდელი მდგომარეობით სტუდენტის მოქმედებამ შეიძინა შეურაცხმყოფელი გადაკიდების ხასიათი.
როგორც ლექტორს, სტუდენტ ბუბა ნაჭყებიასთან სასემინარო კურსის ფარგლებში შეხება არ მქონია. იგი ჩემთან მოვიდა დაცვის სამსახურში მიღების თხოვნით, რაზეც მაშინვე დავთანხმდი, რადგან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის 20 – 35 პროცენტი სტუდენტებისაგან შედგება. ჩვენ ამით ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომ დასაქმდნენ იქ, სადაც სწავლობენ. ბუბა ნაჭყებიამ ორი თვის განმავლობაში იმუშავა და ვინაიდან თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაცვის სამსახურის შინაგანაწესის სისტემატიური დარღვევების გამო (რაც აისახა მისივე ახსნა – განმარტებებში და რისთვისაც არაერთხელ მიიღო გაფრთხილება) ნებაყოფლობით დატოვა დაკავებული პოსტი.
სამწუხაროა, მაგრამ ბუბა ნაჭყებიამ იმისთვის, რომ წარმოჩინდეს საზოგადოებაში, აირჩია პოპულარობის მიღწევის ამორალურ გზა. ის თანატოლებს ამით აჩვენებს, რომ მას შეუძლია ლანძღოს და აგინოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მაგრამ ვფიქრობ გაცნობიერებული არ აქვს რას აკეთებს. რეალურად არ არსებობს იმის საფუძველი, რომ ზიზღი და სიძულვილი, რომელსაც ის ამდენი ხნის განმავლობაში გამოხატავს ჩემი მისამართით, ობიექტური გარემოების გამო ჰქონოდა და ჩემს მიმართ განხორციელებული არაერთი ლანძღვა-გინება მხოლოდ ხულიგნური მოტივაციითაა ნაკარნახევი.
ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი გახდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლანძღვა – გინებასა და ბულინგის მსხვერპლი, რამაც მიიღო მასობრივი ხასიათი. ამიტომაც ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოებას გააჩნია, როგორც ადამიანური, ისე პედაგოგიური და პროფილაქტიკური მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, სასამართლო სხდომაზე დავაყენე შუამდგომლობა, რომ თუ მოცემული ფაქტი ჩაითვლება ადმინისტრაციულ გადაცდომად, სასამართლომ დისკრეციის ფარგლებში დააკისროს პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ გაათავისუფლოს სახდელისაგან. ბუბა ნაჭყებიამ უნდა გააცნობიეროს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის პირადი ღირსების ხელყოფას არ ნიშნავს!
სამწუხაროდ, ამავე მიუღებელი და ამორალური თავდასხმის მსხვერპლად იქცნენ ის სტუდენტებიც, ვისთვისაც მიუღებელია პროფესორის საჯარო ლანძღვა – გინება და ზოგადად უნივერსიტეტში ურთიერთობის მსგავსი ფორმა, ასევე ის სტუდენტებიც, რომლებმაც მოწმის სახით ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოს. ისინი მოწმის სტატუსის შეძენისთანავე გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი, რამაც განაპირობა მათდამი დამამცირებელი და მტრული გარემოს შექმნა.
ჩემს სტუდენტებს, მეგობრებს, პროფესორებსა და კოლეგებს, საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, თუ ჩვენ გვინდა ისეთი უნივერსიტეტი, სადაც ლექტორსა და სტუდენტს შორის კომუნიკაციის ენა ლანძღვა – გინება არ იქნება, შემომიერთდით, დააფიქსირეთ თქვენი აზრი.
P.s. რაც შეეხება ჩემს მიერ მიწერილ ფრაზას “შენ ვერც სამართლიანობას ისწავლი და ვერც სამართალს” ეს არის ჩემი ძალზედ კორექტული პასუხი ვინმე გიორგი მეგრელიშვილის მიმართ, რომელიც ბუბა ნაჭყებიას თანამოაზრეა და ასევე გამოირჩევა სოციალურ ქსელში ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზებით”. – წერს გორაშვილი.
შეგახსენებთ, მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავად სტუდენტმა გაავრცელა. მისი თქმით, ლექტორი ხულიგნობაში ბრალს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, აზრის გამოხატვის გამო სდებს.