შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით საქართველოსთვის მშვიდომა უალტერნატივოა.
ამასთანავე, მინისტრმა თანაგრძნობა გამოვხატო იმ ოჯახების მიმართ, ვინც აგვისტოს ომში ახლობლები დაკარგეს
„პირველ რიგში, მინდა, თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახების მიმართ, ვინც ახლობლები დაკარგეს. მე მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათ თავგანწირვით, ბრძოლით, სიცოცხლის ფასად დაიცვეს საქართველოს ღირსება. ისინი იბრძოდნენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის.
11 წლის შემდეგ, ჩვენ ისევ გვიწევს გამკლავება იმ უმძიმეს შედეგებთან, რომელიც დადგა რუსეთის ინტერვენციისა და შემდგომი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კურსი. ჩვენი კურსი არის მშვიდობიანი, მშვიდობა არის ჩვენთვის უალტერნატივო, მთავარი პრიორიტეტი, რადგან ეს არის სასიცოცხლო ინტერესი ჩვენი ქვეყნისა. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიზნებს, რასაც ამ ბიჭებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მივაღწიოთ მშვიდობიანად, აღარ დავუშვათ ომი, დაპირისპირება, ჩვენი საუკეთესო შვილების სისხლის დაღვრა. მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით დეოკუპაციის ხაზით, ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში და მეორე მხრივ, შერიგებისა და მშენებლობის ხაზით, ჩვენ საზოგადოებასთან, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზებით არიან გახლეჩილი, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას“, – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.