შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს 1990 წელს დაბადებული გ.გ., რომელმაც ავტომობილების სახელოსნოს სეიფიდან 8 000 ლარი მოიპარა, ხოლო, კვალის დაფარვის მიზნით, ხანძარი გააჩინა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თავისი სამუშაო ადგილიდან – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე ავტომანქანების სახელოსნოში არსებული სეიფიდან 8 000 ლარი მოიპარა, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, სახელოსნოში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.