აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის ის მოვლენა, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა სოციალური ქსელში დაწერა.
“აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის ის მოვლენა, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს თემა უნდა იყოს ეროვნული თანხმობის და არა კონფრონტაციისა და დაპირისპირების სტიმულატორი. კამათიც შესაძლებელი უნდა იყოს, მსჯელობაც, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საზოგადოების ერთი ნაწილის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მეორე ნაწილის წინააღმდეგ. თუ ნორმალური სახელმწიფო გვინდა, ასეა.
ამის ნაცვლად ჩვენ ამ თემაზე მუდმივად გვაქვს ე. წ. ნაც-ქოცური ნარატივების სასტიკი ომი. აქ ერთის მხრივ არის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მომხრეების დაუოკებელი სწრაფვა რუსეთ-საქართველოს ომში მთავარ დამნაშავედ გამოიყვანონ სააკაშვილი და ამ ჟინს აყოლილები ან ვერ აცნობიერებენ რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების ომის დაწყებაში დადანაშაულება იგივეა, რაც საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება, ან აცნობიერებენ მაგრამ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ. მეორეს მხრივ კი არის მუდმივი აპელირებები 2012 წლის ოქტომბერზე, როგორც უბედურების ათვლის წერტილზე, რის შემდეგაც საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფლება რომელიც მიზანმიმართულად მიგვათრევს რუსეთისკენ და ამ კონტექსტში არათუ სააკაშვილის დადანაშაულებაც რუსეთის დაკვეთის შესრულებად მიიჩნევა, არამედ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რაგინდარა შეცდომასა თუ პასუხისმგებლობაზე სიტყვის დაძვრაც კი.
ცხადია, ხელისუფლების პოზიცია აქ გაცილებით საშიშია ქვეყნისთვის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ხელისუფლება, მაგრამ ალბათ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველა ხელისუფლების დროს ასე არის და ასე იქნება: ყველა ხელისუფლება, რომელიც აღრმავებს საზოგადოებაში განხეთქილებას და კონფრონტაციას, ძერწავს მტრის ხატს, აქეზებს დაპირისპირებას და თვითონაც გამოდის ამ დაპირისპირებაში მხარედ, ჩადის დანაშაულს” – წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.