აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ “შუამთობის” დღესასწაულის პარალელურად გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს “პარაზიტები” უწოდა.
„ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის უარყოფით დღის წესრიგში ამყოფონ”, – განაცხადა რიჟვაძემ აქციის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აჭარაში, ბეშუმში საპროტესტო აქცია გამართეს. ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე, სადაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვნდნენ, რასაც პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ხმაური მოჰყვა. „გახარია წადი“, „სისხლიანო გახარია“, „ჯალათო“ სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
“დღეს ოპონენტები შეეცადნენ საზეიმო, სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის წესრიგში. მაგრამ, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.