ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აქ ვინმეს რეკლამა და „ინტერმედია“ კი არ აინტერესებს, აქ არის იმ ადამიანებზე ზეწოლის ინტერესი, ვინც „რუსთავი 2“ ამ დრომდე მოიტანა” – ადვოკატი

გენერალურ პროკურატურაში „რუსთავი2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას გამოკითხვის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტერბთან საუბრისას განაცხადა, რომ ვინმეს რეკლამა და „ინტერმედია“ კი არ აინტერესებს, აქ არის ინტერესი, რომ იყოს ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც „რუსთავი 2“ ამ დრომდე მოიტანა.

მისი თქმით, კახა დამენიას გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, რადგან სხვა შემთხვევაში საზოგადოებისთვის ნათელი გახდებოდა, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.

„გაუთქმელობის ფორმალური საფუძველია, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, თუმცა რეალურად, გაუთქმელობა სჭირდებათ, რადგან ეს არის უსუსური საქმე, სადაც არ აქვთ არანაირი პერსპექტივა. ღია მსჯელობა თუ მოხდება, დაინახავს საზოგადოება, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე, დეკლარირებული და აქ დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ აქვს.

დღეს შაბათია და ნახეთ, რამდენ ხანს გაგრძელდა გამოკითხვა. ეს იმ დროს, როცა გავრილოვის ღამის დანაშაულთა გამოძიება ისევ პროკურატურაში მიმდინარეობს, მაგრამ ერთ კაცსაც არ კითხავენ. აქ ვინმეს რეკლამა და „ინტერმედია“ კი არ აინტერესებს, აქ არის ინტერესი, რომ იყოს ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვინც „რუსთავი 2“ ამ დრომდე მოიტანა“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

მისივე თქმით, კახა დამენიას მისამართით გამოძიების კითხვები შეეხებოდა ისეთ ფინანსურ საკითხებს, რომლებიც რეალურად კითხვებს არ საჭიროებს.

„კითხვები ისმოდა საკოტრაქტო თანხებთან დაკავშირებით. კითხვები ისმის სარეკლამო დროსთან დაკავშირებით, რაც რეალურად კითხვებს არ საჭიროებს. გამოძიება ისეთ კითხვას ვერ სვამს, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ხომ არ იდგა ამის უკან. უბრალოდ ისმება კითხვები – ეს ხელშეკრულება, რატომ გაფორმდა; ამაზე პასუხია, რომ „ინტერმედია“ იყო ყველაზე ეფექტური კომპანია. შემდეგ მოდის კითხვა, რატომ დაფიქსირდა ეს ღირებულება, რაც ხელშეკრულებაშია; ამაზე პასუხი მკაფიოა და განპირობებულია სხვადასხვა ფინანსური ფაქტორით, რისკებით და ა.შ. შემდეგი კითხვაა – რატომ არის განსხვავებები სხვადასხვა წლის შემოსავლებთან დაკავშირებით; ამასთანაც პასუხია კურსთა შორის სხვაობა და ა.შ. რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს არ არის სამართლებრივი მოტივაციით განპირობებული. ეს არის ცალსახად შეკვეთილი საქმე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ“, – განაცხადა ბექა ბასილაიმ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ისთვის განზრახ ზარალის მიყენების საქმეში ქვეკონტრაქტორი კომპანიები „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლიუსი“ ფიგურირებენ.

იტვირთბა....